შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მრავალეროვნული სწავლების -
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვას დაესწრო. ვაზიანის სამხედრო
პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება და დახურვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის
თავმჯდომარე- არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი, ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების
წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ
უმასპინძლა. იგი მიზნად ისახავდა საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს
შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში
სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ
ამიტომ, წლევანდელი სწავლების მთავარი გზავნილი იყო - „ძალა
პარტნიორობაშია“.
საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მრავალეროვნული
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით, ვაზიანის
სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე
გაიმართა.
სწავლების ამოცანა იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის
მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური
და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.
მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს,
პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო
მონაწილეობა.