მიხეილ ჩხენკელმა ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისი გახსნა

28 Sep 2021 11:51

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სამუშაო სივრცის გახსნა მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი,  მოეწყო მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ობსერვატორიის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო.

მიხეილ ჩხენკელი: „მთელი გულით გილოცავთ ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის გახსნას. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნათ. ასევე, ძალიან მახარებს, რომ ობსერვატორიაში დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო თანხები მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის. ეს არის ახალი ეტაპი ობსერვატორიის ისტორიაში, რომელიც ახალ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს მისცემს დასაბამს. 

მოხარული ვარ, რომ ოფისის გახსნასთან ერთად აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა, რომელიც უდიდესი მეცნიერი და შესანიშნავი პიროვნება გახლდათ. ძალიან კარგია, რომ ის არა მხოლოდ სამუზეუმო, არამედ  სამუშაო სივრცე იქნება, სადაც ახალგაზრდებს აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე, ჩატარდება სამეცნიერო-კვლევითი სემინარები და შეხვედრები. 


მოხარული ვარ, რომ დღეს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, რაც საშუალებას მისცემს ობსერვატორიის თანამშრომლებს, ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ ცხოვრებაში“. 


მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.




კომენტარები:

ფართი შოპი