შინაგან საქმეთა მინისტრი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

01 Oct 2020 00:42

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული

ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო

მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა.


მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 2020 წლის 25 სექტემბერს

გაიხსნა ქალაქ თბილისში. მისი მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ

საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება.


ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა

ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ,

დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა და ამ მიზნით

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ

პროცესებში.


შინაგან საქმეთა მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია

მიაწოდა სამინისტროს მიერ ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ

დაგეგმილ ღონისძიებებზე, კერძოდ:


- განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც

სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისთვის სავალდებულოა შესასრულებლად;

- არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის შემუშავდა ახალი

კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;

შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, საქართველოს

რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება

სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი

ჯგუფები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მიმდინარეობს

შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მოსამსახურეების ონლაინ ტრენინგი

არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების

უზრუნველყოფის საკითხებზე.



კომენტარები:

ფართი შოპი