"მე შემიძლია გითხრათ, რომ "პატრიოტთა ალიანსის", როგორც პარტიის მოლოდინები ყოველთვის მართლდება, იმიტომ რომ ჩვენ ერთგული და მრავალი მხარდამჭერი გვყავს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღეც არ იქნებოდა გამონაკლისი."- აცხადებს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ლომია.
"რაც შეეხება ხალხის სიმრავლეს, თქვენ თვითონ იხილეთ, რომელიმე სხვა პარტიას თუ შეუძლია, რომ გაავსოს თავისუფლების მოედანი? მე იმედი მაქვს უბრალოდ, რომ ვიღაცას არ მოუვა აზრად ხუმრობით თქვას, რომ დღესაც ვითომ დაგვეხმარა "ოცნება", როგორც ადრე, რომ გავავსეთ თავისუფლების მოედანი.
ჩვენ არც ვეჯიბრებით და არც ვეჯიბრებოდით ვინმეს მოედნის გავსებაში. რეალურად, როცა ამდენი ხალხის გამოყვანა შეგიძლია, არ შეიძლება შენ გქონდეს ხუთი ან ათი პროცენტი და ჩატარებულმა პოლიტიკურმა კვლევებმა არ შეიძლება შენზე წინ დააყენონ ისეთი პარტიები, რომლებსაც აქვთ 0,5 ან 0,7 პროცენტი, რაც სინამდვილეში რეალობაა.
ჩვენ მუდმივად ვართ ბრძოლის ველზე და არჩევნების დღემდე და არჩევნების შემდეგაც მუდმივად ვიქნებით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა არის გაერთიანებული ჩვენს წინააღმდეგ. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ყავს ერთგული ამომრჩეველი და ეს ამომრჩეველი არის ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხვა პარტიების ერთად აღებული. აქციაზე 30 000-ზე მეტი ადამიანი იყო და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ორ მესამედზე მეტი იყო თბილისი". - განაცხადა გიორგი ლომიამ.