კახა კახიშვილი: შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი isani.hr.ge, სადაც ისნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დასაქმების მიზნით დარეგისტრირდებიან და საკუთარ მონაცემებს შეიყვანენ

07 Oct 2020 17:01

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა, საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის - დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.


"საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის - დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გავმართე. 


პროგრამა იმ კომპანიების წარმომადგენლებს გავაცანი, რომლებიც დედაქალაქში ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.


ინიციატივის თანახმად, ისნის რაიონის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ მათსავე უბანში, გაუჩნდეთ შემოსავალი და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს განვითარებაში წვლილი შეიტანონ.


პროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი isani.hr.ge, სადაც ისნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დარეგისტრირდებიან და საკუთარ მონაცემებს შეიყვანენ.


შემდგომ კი, როდესაც რაიონის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის შესაბამისი სტრუქტურა ტენდერს გამოაცხადებს, ერთ-ერთი სატენდეტო პირობა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის დასაქმება იქნება. შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანების მოძებნა კი დამსაქმებელს სწორედ აღნიშნულ ვებ გვერდზე შეეძლება. 


დასაქმების აღნიშნული პროგრამა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს რაიონში მცხოვრებ იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც  სხვადასხვა ხელობას მაღალ დონეზე ფლობენ და დასაქმების პრობლემა აქვთ. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვისა თუ დროებით უმუშევრებისთვის ფინანსური წახალისება, ასევე, გახდება მოტივაცია უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და მოუარონ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში არსებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მათი მონაწილეობით, მათი შრომით შეიქმნება; ეს იქნება სკვერი, გზის საფარი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების ობიექტი თუ სხვა რამ. 


გარდა ამისა, ვებგვერდზე, დასაქმების მსურველთა ელექტრონულ ბაზასთან ერთად, განთავსდება პროფესიული სასწავლებლების ბმულებიც, რაც  საშუალებას მისცემს ადამიანებს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და მომავალში დასაქმების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ. 


ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ჩემთვის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ადამიანების კეთილდღეობაა. სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივები და გეგმები მაქსიმალურადაა მორგებული ისნის რაიონის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე.  


შეხვედრისას კომპანიების წარმომადგენლებმა დასაქმების ვებგვერდის იდეას მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტი მათთვის მისაღებია, რადგან ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ხელობის მქონე პროფესიონალი კადრების მოძიება უჭირთ. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი გაუადვილდებათ სამუშაოების განხორციელება, რადგან ერთიან ბაზაში თანამშრომლების მოძიება და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მათთვისაც მომგებიანი იქნება."- წერს კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 






კომენტარები:

ფართი შოპი