ირმა ინაშვილი: იმდენად სძულს ქართველ ხალხს "ნაციონალური მოძრაობა", რომ სამადაშვილი პოლიტიკურ რეკლამაში სახეს კი არ აჩენს, (იციან, რომ ეს მომგებიანი არაა), თითებით ელაპარაკებიან ხალხს

21 Oct 2020 18:21

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: 


"2011-2012 წლების შემდეგ, ამ ქვეყანაში კიდევ იმაზე რომ კამათობენ,- აქვს თუ არა 12-19% ნაცმოძრაობას, ეს "ქართული ოცნების" პირდაპირი დანაშაულია. საჩხერეში 700 კაცზე მეტს ვერ მოუყარეს თავი, ბათუმში 1000-1500 მხარდამჭერი ძლივს შეკრიბეს. ისიც,- მთელი საქართველოდან და ამათ ჰქონიათ, თურმე, 12-19%. 


12-19% კი არა, უტყუარი მტკიცებულებებით (აუდიოარჩევნების შედეგებით) ნაცმოძრაობას 2,5% აქვს, მაგრამ "ქართული ოცნება" რისი ოცნებაა, რომ ცხარე კამათი არ გაგიჩაღოს,- ჰყავთ ეს მხარდამჭერები და რა ვქნათო. ასეა მეგობრებო, ისინი ერთმანეთს ვითომ ებრძვიან, არადა, სინამდვილეში ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. ვისაც ამისი გაგება და დანახვა არ უნდა ან არ შეუძლია, ჩემთან პოლემიკაზე დროს ნუ დახაჯავს. ასეთები ღუპავენ ქვეყანას, ვითომ რომ ვერ ხედავენ და ვითომ რომ არ ესმით, რა ხდება! 


კარგად დააკვირდით: პარტიის ლიდერი გაქცეულია, პარტიის სახეები არიან ზონდერი ბასიშვილი და ზონდერ-პროკურორი ზოდელავა, პარტიას 1000-1500 კაცზე მეტის შეკრება არ ძალუძს, ეს პარტია იმდენად სძულს ქართველ ხალხს, რომ სამადაშვილი პოლიტიკურ რეკლამაში სახეს კი არ აჩენს ( იციან, რომ ეს მომგებიანი არაა) თითებით ელაპარაკებიან ხალხს და... თითებით მოლაპარაკე ამ პარტიას 12-19%-იანი რეიტინგი აქვსო. რა ხდება, ხალხო? ნუთუ ასე დაბნელდა ჩვენს ქვეყანაში? ნუთუ ამ ტყუილთან შეგუებას აპირებთ? 


2,5%- ესაა, რაც დარჩა ნაცმოძრაობიდან! ნუ მოატყუებინებთ თავს მათ, ვინც საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს."- აღნიშნავს ირმა ინაშვილი. 



კომენტარები:

ფართი შოპი