ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა, სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტის სახით განახორციელებს.
"ერთწლოვანი კულტურები - ეს არის სწრაფად აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მარცვლოვანი, ისე ბოსტნეული კულტურების განვითარება და ამისთვისაც ჩვენ გვექნება სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რათა ამ მიმართულებით იაფი ფულადი რესურსებით შევძლოთ განვითარება სწრაფად. ვუზრუნველყოთ სურსათით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და შევქმნათ იმპორტჩანაცვლების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ფინანსებთან ერთად, ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება ხარისხიანი სარგავი-სათესი მასალის წარმოების, სერტიფიცირებისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის კუთხით"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.