"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ისნის რაიონში შემაჯამებელი შეხვედრები გამართა ვაზისუბანში, ავლაბარში, მეტრომშენსა და ნავთლუღის დასახლებაში.
"სხვადასხვა ლოკაციაზე შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დავითაშვილი და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი კამპანიის განმავლობაში გამოხატავდნენ.
შემაჯამებელ შეხვედრებზე ისნის რაიონის მაცხოვრებლებს კიდევ ერთხელ გავაცანი "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და ჩემი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებას გამარჯვების შემდეგ ვგეგმავ.
შეკრებილ მოქალაქეებს ჩემი მთავარი გზავნილი - „არა ტყუილ დაპირებებს“ შევახსენე და აღვნიშნე, რომ რაიონში არსებული ყველა პრობლემისა თუ გამოწვევის გადასაჭრელად, მაჟორიტარი დეპუტატის კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ.
ზოგადად, რაიონში საარჩევნო კამპანიის განმავლობაში 100-მდე შეხვედრა გავმართეთ. საშუალება მქონდა რამდენიმე ათას ადამიანს პირადად შევხვედროდი, გამეცნო ჩემი სამოქმედო გეგმა და მათი ხედვები მომესმინა.
მადლობას ვუხდი საარჩევნო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კამპანიის საორგანიზაციო სამუშაოებში გვერდით მედგა.
მჯერა, 31 ოქტომბერს გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ!"- წერს კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.