მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი მუმლაძეს ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე, გიორგი მუმლაძის შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის პოლიციაში საქმე აღიძრა.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის გრძელვადიანი დამკვირვებლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ჭონიაშვილი მას დაემუქრა და მეხუთე უბნიდან ჟურნალისტებთან ერთად გასვლა მოსთხოვა.
„ფაქტს შეესწრო მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც რეაგირება ვთხოვე. მან მითხრა, რომ პოლიციაში დაერეკა. შესაბამისად, დავრეკე 112-ში და ჩემი შეტყობინების საფუძველზე აღიძრა საქმე.“- განაცხადა მუმლაძემ.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე შეამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.