მივმართავთ ხელისუფლებას, ნუ ელაპარაკება მხოლოდ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ გარდა არიან სხვა პოლიტიკური ძალებიც“ - გიორგი ლაღიძე

14 Nov 2020 02:42

„მომავალი კვირიდან  ვიწყებთ საპროტესტო აქციებს. აქციები იქნება პერმანენტული სახის. ჩატარდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან“–  ამის შესახებ პარტია „მომავალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ლაღიძემ განაცხადა.  მისი თქმით, ვითარების განსამუხტად ხელახალი არჩევნების დანიშვნა,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა  და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაა საჭირო, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა.


„გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, ნუ ელაპარაკება მხოლოდ  ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას. მათ გარდა არიან პოლიტიკური ძალები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენმა პარტიებმა, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, ზოგიერთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა გვესაუბროს ხელისუფლება“– აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.


მისივე განმარტებით, არჩევნები არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც გაყალბდა.


„ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პროცესებს. ბუნებრივია,  მივაწოდეთ  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია“. - განმარტა ლაღიძემ.


შეგახსენებთ, რომ დღეს ოთხმა პარტიამ  („სოციალური სამართლიანობისათვის“ , „ეროვნულ–დემოკრატიული მოძრაობა“, „არჩევანი საქართველოსათვის“ და „მომავალი საქართველო“) ერთობლივი ბრიფინგი გამართა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვა.



კომენტარები:

ფართი შოპი