„ჩვენ წარმოვადგენთ იმ პარტიებს, რომლებიც დღეს საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიციის შესაქმნელად ერთიანდებიან“ – გიორგი შერვაშიძე

14 Nov 2020 02:45

„ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ჩვენი უფლებები არ იქნება დაცული, ჩვენი ამომრჩევლის ხმები არ იქნება სათანადოდ დათვლილი. გამყალბებელი სუბიექტები უნდა დაისაჯონ. ჩვენ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს და ჩავატარებთ ღონისძიებებს, რათა დავიცვათ ამომრჩევლის ხმები.’’ – ამის შესახებ პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


მან ყურადღება მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისინი წარმოადგენენ „ახალ ძალას“, რომელსაც ხმები მოპარეს.


„დღეს აქ შევიკრიბეთ ალტერნატიული ოპოზიცია. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მიმდინარე მოვლენებისა და დიალოგის რეჟიმის ფონზე ჩვენ და ჩვენნაირი პარტიები ცალსახად იგნორირებულები ვართ ხელისუფლებისგან. საქართველოში ჩვენ ვართ ახალი ძალა, განსხვავებით უკვე არსებული კვალიფიციური სუბიექტებისგან, რომლებიც გამოირჩევიან დესტრუქციული ქმედებებით და რეალურად, წარმოვადგენთ 60–70 %–ს.’’ – განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.


ცნობისთვის, დღეს პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის’’ ცენტრალურ ოფისში ოთხი პოლიტიკური პარტიის  („სოციალური სამართლიანობისთვის“, „მომავალი საქართველო“, „ეროვნულ–დემოკრატიული მოძრაობა“ და „არჩევანი საქართველოსთვის“) ერთობლივი ბრიფინგი ჩატარდა. ლიდერებმა ჟურნალისტებს ერთობლივი სამოქმედო გეგმა გააცნეს, რაც საპროტესტო აქციების პერმანენტულ რეჟიმში ჩატარებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და კანონის დაცვით სხვა ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, პარტიები პირველი აქციის გამართვას ცესკოს შენობასთან გეგმავენ. 



კომენტარები:

ფართი შოპი