შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის მართვის
პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ - ეკატერინე ტიკარაძესთან
„112“-ში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
"112"-ში მინისტრები პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესს გაეცნენ. „112“
აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ
რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური
მომსახურება მიიღოს.
"დღეს ოპერატორების რაოდენობა დაახლოებით გასამმაგებულია, რაც იყო
ჩვეულებრივ რეჟიმში, გასამმაგებულ რეჟიმში მუშაობენ ოპერატორები. დღეს 300
ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. 140-150 ოპერატორს კიდევ
დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, რა თქმა უნდა, ხაზზე
დატვირთვა შემცირდება და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს
მოქალაქეებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, რომ 112-ის სამუშაო რეჟიმი და ოპერატორთა ოდენობა
თითქმის გავასამმაგეგთ, ვაპირებთ აპარატურის შესყიდვასაც, იმიტომ, რომ რაც
გვქონდა ჩვენ საშუალება, იტვირთება და გადავწყვიტეთ 112-ის სერვერები
გავაძლიეროთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„112“-ს, კორონავირუსის მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა.
თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და
ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან
დაკავშირებული შეტყობინებები კი, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით,
ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები - სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არა მწვავე გამოძახებები - ოჯახის
ექიმებს გადაეცემა.
"დღეს დავიწყეთ კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიება, რომელიც არ დაიწყება
მხოლოდ "112"-ის მონახულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ასევე კომუნიკაციას როგორც
სასტუმროში და თქვენ იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ჩვენ
საავადმყოფოების წარმომადგენლებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან
შეხვედრები. ეს შეხვედრები გაგრძელდება იმისათვის, რომ ის არსებული
ხარვეზები, რომლითაც სასწრაფოს ექიმებს ექმნებათ შეფერხება, რომ
პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია მოახდინონ, აუცილებლად იქნეს
აღმოფხვრილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფიცირების რაოდენობის და მოქალაქეთა ტესტირებების ზრდასთან ერთად 112-ის
დატვირთვა გაიზარდა. მიმართვიანობის გაზრდის პარალელურად და ზარებზე
მოლოდინის დროის შესამცირებლად 112-მა ოპერატორების რაოდენობა გაზარდა,
სარეზერვო ცვლები სრულ სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანა და ოპერატორის
პოზიციაზე ახალი კადრები დაამატა.