"პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში" - ვახტანგ გომელაურმა, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

19 Dec 2020 04:50

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა,

პროექტის - "მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" - ფარგლებში, სამინისტროს

მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

წარადგინა.


"2020 წელი ნამდვილად იყო მოულოდნელი და რთული გამოწვევების წელი. მსოფლიო

ახალი „კოვიდ 19“-ის პანდემიის წინაშე სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა,

ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. პანდემიამ მთლიანად  შეცვალა

საქართველოს მთავრობის  დღის წესრიგი, შესაბამისად, ჩვენიც. შინაგან

საქმეთა სამინისტროს დიდი გუნდი - სხვადასხვა დეპარტამენტის შემადგენლობით,

მთელი ამ ხნის განმავლობაში  საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ახლაც მუშაობს.

ერთდროულად   ვზრუნავდით ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავდით და

ვაკონტროლებდით საზღვარს, ვებრძოდით კრიმინალს, ვიცავდით ადამიანის

უფლებებს, ვებრძოდით ხანძრებსა და სტიქიებს, უზრუნველვყოფდით უსაფრთხო

საარჩევნო გარემოს, ვასრულებდით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვზრუნავდით

საგზაო უსაფრთხოებაზე, ვაუმჯობესებდით ტექნიკურ აღჭურვას, ვზრუნავდით

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სოციალური პაკეტების 

გაუმჯობესებაზე  და ამ ყველაფრის პარალელურად, პანდემიის პირობებში,

მთავრობასთან კოორდინირებულად, 24-საათიან რეჟიმში ვასრულებდით და ახლაც

ვასრულებთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

პოლიცია იყო და  არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს

სჭირდებათ! პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის

როლი  და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა, დიდი

მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ამ

ფასდაუდებელი შრომისათვის.


პანდემიის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი დანაყოფები

24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. გვიწევდა საგუშაგოების მოწყობა, ჩაკეტილი

ქალაქების კონტროლი.  ალბათ, ყველას გახსოვთ ამ ქალაქებში თვეობით   

ჩარჩენილი, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი  ჩვენი პოლიციელები. მიუხედავად

ამისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო

ბრძოლაში, რაც რეალურ ციფრებში აისახა კიდეც.

შემიძლია, რამდენიმე მაგალითი  დაგისახელოთ:


•       2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სისხლის  სამართლის პასუხისგებაში მიცემულ

იქნა 5 ე.წ. კანონიერი ქურდი;

•       „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ 

მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულ იქნა 49 პირი;

•       ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია 71 პირი;

•       საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია  ნარკოდამნაშავეთა

ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“;

•       პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი;

•       დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია;

•       გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია;

•       უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა 89 კილოგრამი „ჰეროინი“;

•       1 კილოგრამი „კოკაინი“;

•       7 000 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“;

•       6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.


ალბათ, ყველას გახსოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული, 

გახმაურებული სპეცოპერაცია ბათუმში, როცა ჩვენმა სამსახურებმა უცხოელ

კოლეგებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ამოიღეს 40 კგ „ჰეროინი“,

რომლის საბაზრო ღირებულება  „შავ ბაზარზე“ 2 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს

იყო წარმატებული ოპერაცია საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან ბრძოლის კუთხით.


რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები   ხშირად

ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა  იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ,

რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული

შემცირდა 10 პროცენტით.


რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც  ინფორმაციას

საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით,  მაგალითისთვის:

კიბერდანაშაულმა მოიმატა   24 პროცენტით, ოჯახში  ძალადობამ  -  8,5

პროცენტით, ხოლო მკვლელობამ  -  11 პროცენტით  ანუ ფიქსირდება 7 - ით მეტი

შემთხვევა.


იცით, რომ კიბერდანაშაული არის  21-ე საუკუნის გამოწვევა  და ამ მხრივ

გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდენცია კი

განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში 

გამოწვევას წარმოადგენდა.


აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს

ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში

არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ:


•       ყაჩაღობა -42%

•       გამოძალვა -34%

•       ძარცვა -25%

•       ქურდობა-12%

•       შემცირებულია ბინების გაქურდვის  ფაქტებიც-28%

•       მკვლელობის მცდელობა  -5%


თქვენ გაეცანით იმ რეალურ ციფრებს, რაც  ასახავს ქვეყანაში არსებულ

მდგომარეობას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც

მედიასაშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი  ინტენსიურად შუქდება, რაც  ქმნის

განცდას, რომ დანაშაულმა იმატა.


ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი

ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ მედია თავისუფალია,  ერთი

კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის

ხელმისაწვდომია.


შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ

ბრძოლა. მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის

მიხედვით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის

აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და  2020 წელს საქართველო კვლავ პირველ

კალათშია.


რაც შეეხება კიბერდანაშაულს, მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ვითარდება და

იხვეწება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და იზრდება კიბერდანაშაულის

სახეობაც. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელი მსოფლიო ამ

გამოწვევის წინაშე დგას.


2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში

მიცემულ იქნა  152 კიბერდამნაშავე.


შეგახსენებთ, სულ ახლახან, ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით,

ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში 

მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი

უწყებები, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის,

ქართველებიც, რომლებიც,  მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით,

ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური

გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში

ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.


2020 წელი განსაკუთრებული გამოწვევების წელი იყო შინაგან საქმეთა

სამინისტროს ყველა დანაყოფისთვის. მინდა იცოდეთ, რომ პანდემიასთან 

ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული  სამინისტროს ყველა დანაყოფი. 

ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა  და ამჟამადაც ამ

რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.


ამ მხრივ, არ შემიძლია არ აღვნიშნო საპატრულო პოლიცია, რომელიც  მხოლოდ

საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით, ქალაქში პატრულირებით, აქციებზე

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. პანდემიის დროს

განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქცია-მოვალეობები.


აქვე მინდა ხაზი  გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე,  რეგიონული

დანაყოფების ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი წარმატებით

ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად, პანდემიიდან

გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას.


სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევდა და ახლაც

გვიხდება, მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, არც ჩვენ და არც ერთ

რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია. მესმის, მძიმე

სიტუაციაა,  მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ!

პანდემიის დროს მოსახლეობა პოლიციას ძალიან ხშირად მიმართავდა

დახმარებისთვის.


„კოვიდის“ გავრცელების და თანამშრომელთა დასნებოვნების საშიშროების

მიუხედავად, სამუშაო არ შეფერხებულა არც ერთი წუთით. გამოწვევებს სათანადოდ პასუხობდა ყველა.


სამინისტრო მოქმედებდა მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად. ჩვენი

კომპეტენციის ფარგლებში გვევალებოდა:


•  თვითიზოლაციაში მყოფ პირთა პერიოდული მონიტორინგი;

• კონკრეტული, მაღალი რისკის შემცველი ლოკაციების იზოლირება;

•  სპეციალური ბლოკპოსტების მოწყობა;

•  საკარანტინო ზონების კონტროლი და დაცვა;

•  ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვრის „მწვანე 

  ზოლის“ კონტროლი;

•  საველე ჰოსპიტლის გახსნა;

•  სპეციალური საკარანტინო რეჟიმის პირობებში დაწესებული შეზღუდვების     

აღსრულება.


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობდა

მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურასთან.


მინდა გავიხსენო ის ღამეც, როცა მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა. ჩვენმა

თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან,

ჯარისკაცებთან ერთად, ერთ ღამეში მოაწყვეს 100 კაცზე გათვლილი საველე

ჰოსპიტალი.


„კოვიდის“ პირობებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია,

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიის მიერ შსს-ს

თანამშრომლების ტესტირება PСR მეთოდით.


განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს,

რომლებმაც გადმოგვცეს კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საშუალებები.


„კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით დაიწყო დროებითი

მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების სასამართლო პროცესების

დისტანციურ რეჟიმში ჩატარება. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძელით იზოლატორების

აღჭურვა საჭირო ტექნიკით; ყველა ლოკაციაზე მოეწყო შესაბამისი

ინფრასტრუქტურა და მოხდა თანამშრომელთა გადამზადება. სასამართლო პროცესები

იმართება დაკავებულის მიერ იზოლატორის დატოვების გარეშე. ჯამში, 2020 წლის

30 ნოემბრის ჩათვლით, იზოლატორში მოთავსებული 3 337 პირის დისტანციური

სასამართლო პროცესი გაიმართა.


მოქალაქეების მხრიდან ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად  არხს ,,112“

წარმოადგენს.


მაგალითისთვის, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „112“-ის

ოპერატორებმა  2 მილიონამდე ზარს უპასუხეს, ხოლო 2020 წლის იგივე პერიოდში,

ზარების რაოდენობა 4 მილიონამდე არის გაზრდილი. მიზნობრივ ზარებთან ერთად,

სამწუხაროდ,  იმატა არამიზნობრივმა  ზარებმაც, ვინაიდან  „კოვიდთან“

დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ყველა 112-ზე რეკავდა,

შესაბამისად,  იზრდებოდა მომლოდინე ზარების რაოდენობაც და ხანგრძლივობაც.

ჩვენ ეტაპობრივად შევძელით და დავამატეთ შესაბამისი რესურსი.

„112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს

ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144. გადაუდებელი

აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის

მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე.  ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან

გამომდინარე, სულ ახლახან კვლავ დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა

რაოდენობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმციროთ ლოდინის დრო.


ჩვენთვის ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან

პრიორიტეტად.


ივნისის თვიდან სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი

სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და

დეტექტივებით.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე

მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ

შენობებში UNICEF კონცეფციის და რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა

ბავშვზე მორგებული გარემო.

  ჩვენი ინიციატივით, 2020 წელს მიღებულ იქნა კანონი „სქესობრივი

თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის

შესახებ“, რის შედეგადაც გამკაცრდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი

სქესობრივი ძალადობისთვის სასჯელი, ასევე, შეიქმნა აღნიშნული დანაშაულის

პრევენციის მიზნით მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის

წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის  მიზნით უკავშირდება ელექტრონული

მონიტორინგის დაწესების შემოღებას მოძალადის მიმართ, რომლის მიზანია

მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. 2020 წლის

1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი

გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ახალი

რეგულაციების თანახმად, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის

მეშვეობით.


 სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად,

მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა. სწორედ ამ

პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2020 წლის მეორე ნახევარში გაფართოვდა

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური  და  მოიცვა სამინისტროს

ყველა ტერიტორიული დანაყოფი.


სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია გამომძიებელსა და

დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა და

დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. წელს

კოორდინატორებმა 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს დახმარება.


პანდემიის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის

სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული

რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა.  დღემდე  მომსახურების სააგენტომ ნახევარ

მილიონამდე მოქალაქეს გაუწია მომსახურება.


•  დაწესებული რეგულაციების  დაცვით მუშაობს დაცვის პოლიციის მომსახურების

ერთიანი ცენტრი, რომელშიც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ დაცვის

პოლიციის ყველა მომსახურება,  ერთიან სივრცეში.

•  მომსახურების სააგენტომ დაიწყო დამატებით ახალი ტიპის ცნობების გაცემა

(მაგალითად, „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის

შესახებ“), წელსვე ამოქმედდა იარაღის რეგისტრაციის დისტანციური

მომსახურება.

•  მზადების პროცესშია ინოვაციური სერვისი, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო

საშუალებების დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია/გადაფორმებას.

ასევე, სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს სანომრე ნიშნების შეცვლის

გამარტივებულ, დისტანციურ საკურიერო სერვისს.

•  საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, „კოვიდ“ რეგულაციების

დაცვით, 2020 წელს 400 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა.


მოგეხსენებათ,  პანდემიიდან გამომდინარე, სხვადასხვა უწყებაში არსებული 

სამსახურების უმეტესი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.  სამინისტროში

არსებობენ სამსახურები, რომელთა მუშაობა დისტანციურად წარმოუდგენელია.

ამისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,

რომლის შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება სამინისტროსთვის

პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.


2020 წელს სამსახური 30 ახალი, ევროპული სტანდარტის, „ივეკო მაგირუსის“

მარკის სახანძრო-სამაშველო  მანქანითა და ახალი ტექნიკური აღჭურვილობით

შეხვდა. გაუმჯობესდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები და წელს

პირველად მოხდა ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა.

წელსვე გაიხსნა 3 ახალი სახანძრო-სამაშველოს შენობა - ბორჯომში, ჩხოროწყუსა

და ანაკლიაში.

ივნისიდან ყველა მეხანძრე-მაშველს, ისევე, როგორც შინაგან სამინისტროს სხვა

დანაყოფების თანამშრომლებს,  ხელფასი გაეზარდათ.

პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ ხანძრებთან,

სტიქიებთან თუ  უბედურ შემთხვევებთან ეფექტიან ბრძოლას.

ყველას ახსოვს რაჭის სტიქია. მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის ზონიდან

გამოიყვანეს 706 მოქალაქე, ააგეს დროებითი საბაგირო გზები, რომელთა

დახმარებითაც ხდებოდა მედიკამენტებისა და პროდუქტის მიწოდება.

წელს მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს რამდენიმე ათეული ტყის ხანძარი. სირთულით

გამოირჩეოდა სვანეთში გაჩენილი ხანძრები. იყო შემთხვევები, როცა, რთული

რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო სპეცტექნიკის მისვლა ვერ ხერხდებოდა და

ჩვენი მეხანძრე-მაშველები, ხშირ შემთხვევაში, სამთო აღჭურვილობის

გამოყენებით,  ქვეითად მიდიოდნენ ცეცხლთან და დღე-ღამის განმავლობაში

უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.


წელს გვქონდა რამდენიმე ბაზრობის ხანძარი. მათ შორის ლილოში, ელიავაზე,

წერეთელზე და ვარკეთილში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ საფრთხეს

წარმოადგენდა. იყო ავტოგასამართი სადგურის აფეთქების და ხანძრის

საცხოვრებელ კორპუსზე გადასვლის საფრთხე. მეხანძრე-მაშველებმა  საკუთარი

სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა.


შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მაშველებმა

გადაარჩინეს 346 მოქალაქის სიცოცხლე.


მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და

თითოეულ მეხანძრე-მაშველს.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფი, რომლის დისტანციურად მუშაობა

წარმოუდგენელია, არის ჩვენი სასაზღვრო პოლიცია.


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარს ღირსეული ადამიანები

იცავენ!


2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების

თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების

განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან

თანამშრომლობის მიმართულებით.


2020 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის აშშ-ის მთავრობისა და

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი

განხორციელდა.


აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით

აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4

სასაზღვრო სექტორი:


-       დედოფლისწყაროს სამმართველოს სექტორი „ლეკისყურე“;

-       ბათუმის სამმართველოს სექტორი ,,ჩირუხი“;

-       ყაზბეგის სამმართველოს სექტორი ,,ჯუთა“;

-       ყაზბეგის სამმართველოს სექტორი ,,თრუსო“.


საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო

პოლიციაში განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების

გამოვლენისა და მათზე რეაგირების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო

საშუალებები.


-       აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA)

ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების

გაუმჯობესების მიზნით, ოცი ერთეული ყველგანმავალი - ,,არგო“ გადმოეცა;

-       სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკს მაღალი გამავლობის 90 ახალი ავტომანქანა

შეემატა;

-       სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა.

  თურქული მხარის მხარდაჭერით, გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი

საშუალებები - „სოხუმი“ და „ფოთი“.


ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი მფრინავების თავდაუზოგავი შრომა, 

მათ  უწევთ როგორც სტიქიასთან გამკლავება, ასევე, ადამიანების სიცოცხლის

გადარჩენა. მათ არაერთი ფრენა განახორციელეს    როგორც სასაზღვრო, ასევე, 

სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას და, გარდა ამისა, ასრულებენ

სამოქალაქო ავიარეისებს მთის მოსახლეობის დასახმარებლად.


-       2020 წელს  ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმი გაფორმდა სასაზღვრო

პოლიციასა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის

(MARCOM), რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამშრომლობის

სფეროები;


- აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის

(EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს

სექტორის მშენებლობა.


უახლოეს მომავალში დასრულდება თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული

სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები არამარტო სასაზღვრო პოლიციაში,

არამედ  სხვა სამსახურებშიც მიმდინარეობდა.


წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მათ შორის:


•       ავჭალაში გავხსენით დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული

პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება

საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია

სათანადო პირობები.

•       წალენჯიხაში გავხსენით პოლიციის ახალი შენობა.

•       პანკისში, სოფელ ძიბახევში  აშენდა პოლიციისა და განსაკუთრებულ

დავალებათა დეპარტამენტის შენობა.

•       ბაკურიანსა და რუსთავში გავხსენით პოლიციის ახალი შენობები.

•       თბილისში, მომსახურების სააგენტოში გაიხსნა იარაღების სარეგისტრაციო

ახალი შენობა, ხოლო რეგიონებში - ქუთაისსა და ბათუმში განახლდა

ინფრასტრუქტურა.

•       მაისში მცხეთაში გაიხსნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების

ცენტრი. მოგეხსენებათ, ცენტრი ერთი სარკმლის პრინციპით 50-მდე საპოლიციო

სერვისს ახორციელებს.

•       შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი 2020 წელს განახლდა 320

ავტომანქანით.

•       რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოებას, სულ, ქვეყნის მასშტაბით, 

დამონტაჟებულია 4 696 ვიდეოკამერა და 251 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის

საფუძველზეც ჯამურად კონტროლდება 1 100 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი.

მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების

განხორციელება. აშენდება ახალი შენობები და განახლდება არსებული

ინფრასტრუქტურა.


2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო  არა მხოლოდ პანდემიასთან

ბრძოლის, არამედ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში

ჩატარების მიმართულებითაც.


სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდა

მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულ მოქალაქეს თავისუფალ და უსაფრთხო

გარემოში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.


ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც პროაქტიულად

მიეწოდებოდათ ინფორმაცია არჩევნების პერიოდში მომხდარი ინციდენტებისა და

პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა  თავისუფალი და

სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიასთან, საიდანაც

არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი

რეაგირება იყო მყისიერი.


შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით აგრძელებს ნატოში და ევროკავშირში

ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

როგორც ნატოს საიმედო პარტნიორი, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი

ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა

თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან

(FRONTEX).


2020 წლის 16 სექტემბერს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციით,  დადებითად

შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის

წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.

სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირის და ამერიკის

შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების მანძილზე ხელს უწყობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას.

ეს იყო ჩემი მოკლე მოხსენება, რაც შევძელით ამ პატარა მონაკვეთში, რომ

ძირითადი თემები მოგვეხსენებინა.  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან

საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს მართლაც ფასდაუდებელი და

მუხლჩაუხრელი შრომისთვის, დაწყებული რიგითებიდან დამთავრებული ხელმძღვანელი

პირებით, აქ  ბრძანდებით ყველა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს

მოადგილეებსაც.


ნამდვილად რთული წელი იყო,  პანდემიას დაემთხვა არჩევნები და რაც მთავარია,

ჩვენს ყველაზე მთავარ გამოწვევას - კრიმინალთან ბრძოლას, მე ვფიქრობ,

ცუდად არ გავართვით თავი,  ერთად მუშაობით. დიდი მადლობა ყველას. მადლობა

ყურადღებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.



კომენტარები:

ფართი შოპი