ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლებას “ლელოს” ანტიკრიზისული გეგმა რომ გაეთვალისწინებინა, პანდემია ასე მძიმედ არ დააწვებოდა ქვეყანას

24 Dec 2020 03:16

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა. 


მისი თქმით, ხელისუფლებას "ლელოს" ანტიკრიზისული გეგმა რომ გაეთვალისწინებინა, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ასე მძიმედ არ დააწვებოდა ჩვენს მოქალაქეებს.


როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ხელისუფლებამ მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ხტუნვა-თამაშში გაატარა და ისევ მოუმზადებელი შეხვდა კრიზისის მეორე ტალღას. 


“საქართველოში დღეს ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება და საჭიროა, იმ ადამიანების რჩევების გათვალისწინება, რომლებმაც ჯანდაცვის სექტორის მართვა იციან. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კრიზისის მეორე ტალღაა და მას ჰქონდა პირველი ტალღა და ჰქონდა შუალედი, დაგროვილი გამოცდილება სწორად გაეანალიზებინა და მომზადებულიყო მეორე ტალღის სწორად სამართავად, მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ხტუნვა-თამაშში გაატარა და ისევ მოუმზადებელი შეხვდა მეორე ტალღას. ხელისუფლებას "ლელოს" ანტიკრიზისული გეგმა რომ გაეთვალისწინებინა, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ასე მძიმედ არ დააწვებოდა ჩვენს მოქალაქეებს. ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაზეც ჩვენი პარტია ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდა, “ლელოს” ანტიკრიზისული გეგმა 3,2,1 ამ გეგმით, ხელისუფლებას ვთხოვდით გვერდზე გადაგვედო პარტიული შეხედულებები და ერთად დავმდგარიყავით, ჩვენი ხალხისთვის მათგან მივიღეთ უარი. მათი ეს გადაწყვეტილება კი დღეს აისახა კრიზისის სახით. მათ რომ ჩვენი რჩევა გაეთვალისწინებინათ, ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა საქართველოს ათიათასობით მოქალაქე.


გარდა ამისა, დღეს მათ მიერ ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება სწორად, საჭირო გახდა ახალი შეზღუდვების შემოღება, რომელმაც კატასტროფული ზიანი მიაყენა საქართველოს ათასობით მოქალაქეს და ძალიან რთულ შედეგებს აყენებს საქართველოს ეკონომიკას. ჩვენ მივესალმებით, რომ 24 დეკემბრიდან დაიშვა სავაჭრო ცენტრების მუშაობა, თუმცა საჭირო იყო უფრო დროული რეაგირება მომხდარიყო. აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება ძალიან ბევრ სექტორს, რომელსაც სახელმწიფომ არა თუ რაიმე შეღავათი მისცა, არამედ პასუხსაც არ აძლევს, როდის და რა პირობებში მისცემს მათ ფუნქციონირების უფლებას. იქნებ ახლა მაინც, როდესაც ასეთი მძიმე შედეგები დადგა, ახლა მაინც გავაკეთოთ ის, რომ მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს და რეკომენდაციებს, რომლებსაც ესმით რა არის კრიზისის მართვა და იციან როგორ უნდა იყოს მართული ეკონომიკა და ასევე, მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებმაც ჯანდაცვის სექტორის მართვა იციან, რომ ის გაუგებარი სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი იქნებ ახლა მაინც გამოსწორდეს და იქნებ ახლა მაინც გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას.


ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება და ნაცვლად იმისა, რომ გასწორებულიყო, კიდევ უფრო მძიმე ტვირთი დააკისრეს ეკონომიკას და ამით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი