ირაკლი ბერაია: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი საყრდენი და უპირატესობა მისი ადამიანური კაპიტალია“

30 Dec 2020 05:38

„უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პირადი შემადგენლობის პროფესიული უნარების განვითარებისთვის და პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასთან“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების გარემო ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. „ ჩვენი სახელმწიფოს მტრები, მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის - მოწინააღმდეგენი, სხვა აქტორებიც სხვადასხვა სტრუქტურებში შეღწევის და პოზიციების შექმნის მცდელობებით, კონვენციური და ჰიბრიდული მეთოდებით, მიისწრაფვიან ნეგატიური გავლენა მოახდინონ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და დაასუსტონ ჩვენი ქვეყანა, განახორციელონ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან არათავსებადი, დესტრუქციული დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

მისი თქმით, ამ გამოწვევებთან გამკლავებაში, წამყვანი როლი სწორედ უსაფრთხოების სამსახურს აკისრია. როგორც მან აღნიშნა, საფრთხეების პროგნოზირებაში, შეფასებაში, თავიდან აცილებასა და განეიტრალებაში სუს-ის მთავარი საყრდენი და უპირატესობა არის ადამიანური კაპიტალი - ეროვნული უსაფრთხოების დაცვის წინა ხაზზე მყოფი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, მამაცი კაცები და ქალები ღია და ფარული შემადგენლობიდან, ოპერატიული თანამშრომლები, ანალიტიკოსები, გამომძიებლები, სპეცრაზმელები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, ოფიცრები და სამოქალაქო პირები.

 

ირაკლი ბერაიას თქმით, უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საუკეთესო განათლებისა და უნარების მქონე ადამიანების მოზიდვა, მოტივირება, მომზადება/გადამზადება და იმ სფეროებში ჩართვა, სადაც მათი უნარები და შესაძლებლობები მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება. მისივე თქმით, აგრეთვე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათი ცონდა და უნარ-ჩვევები ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს საფრთხეების ცვალებადობის პარალელურად, უსაფრთხოების ახალი საჭიროებების გათვალისწინებით.

 

„სწორედ, ამ ამოცანების შესრულებაში, ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ახალ სასწავლო ცენტრს და მის სპეციალურ პროგრამებს. დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რომელსაც გააჩნია საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების ინსრუქტორებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს უსაფრთხოების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი