"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება

12 Jan 2021 00:55

"ივანიშვილის წასვლა, თუ ეს რეალური წასვლაა,  ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, კორონა კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი, უფრო გავს პასუხისმგებლობის მოშორებას და გაქცევას ჩასაძირად გამზადებული გემიდან, რომლის სახელიცაა ქართული ოცნება. ფაქტიურად ვხედავთ, რომ ამ გემის კაპიტანი პირველი გარბის ამ გემიდან. 


ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ მზარდ ზეწოლას ქართულ ოცნებაზე აშშ-დან, ევროკავშირიდან და ამ ფონზე, ამ ნაბიჯით ის ცდილობს გაემიჯნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის თვალში და ამით გარკვეულწილად სახე შეინარჩუნოს. მოგეხსენებათ, რომ მისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ზუსტად დასავლეთშია დაბანდებული. აქედან გამომდინარე მისთვის მისი ფინანსური იმპერიის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა და განვითარება. 


არ დაგვავიწყდეს აგრეთვე, რომ ამ ე.წ. წასვლას წინ უძღოდა ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ძალიან მკვეთრი განცხადება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების აუცილებლობაზე და სამართლიანი არჩევნების დანიშვნაზე. სავარაუდოდ, ესეც მკაფიო გზავნილია ივანიშვილისთვის. ასევე, სენატორების განცხადება, რომ 2012 წელს საქართველოში განხორციელდა არჩევნების გზით მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება და რომ ეს არის კარგი მაგალითი. 


ერთი მხრივ, ის ხედავს, რომ ვერცერთ ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება ქართული ოცნების გუნდი და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ქვეყანაში. ამის ფონზე მას აღარ სურს ამ წარუმატებელ გუნდთან საკუთარი თავის გაიგივება და ისედაც დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანება. მეორე მხრივ, უახლოესი თვეები დაგვანახებს რამდენად რეალურია ეს წასვლა და ხომ არ იქნება ესეც პარტიის არაფორმალურად მართვის სტილზე გადასვლა. ივანიშვილი მთელ ქვეყანას მართავს არაფორმალურად, ისე რომ არცერთი პოსტი არ უკავია და პარტიის მართვაც იგივე სქემით არ გაუჭირდება. მითუმეტეს, რომ ადრეც გვინახავს მსგავსი სცენარი, როდესაც ივანიშვილი თითქოს წასულა თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ქვეყნის და პარტიის რეალურ მართვას მაინც ის ახორციელებდა. თუმცა, ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ იყო ასეთი მწვავე კრიზისი და ქართული ოცნების და პირადად ივანიშვილის რეპუტაცია არ იყო ასე დაზარალებული. ახლა კი სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია და საკუთარი იმიჯის და ქონების გადარჩენა პირველი პრიორიტეტია ივანიშვილისთვის. ამიტომ, არ გამოვრიცხავ რომ მას მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხიმგებლობისგან გაქცევა" - სერგო ჩიხლაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი