შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადება

24 Jan 2021 20:44

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ ინფორმაციას,

თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ

დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო

საქმიანობას ეწევიან.


გადაცემის ანონსის გასვლამდე, არც გადაცემის და არც კონკრეტული სიუჟეტის

ავტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების

დეპარტამენტს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არ დაკავშირებიან და

ანონსიდანვე მტკიცებით ფორმაში განავითარეს აზრი, რომ პოლიციელები არღვევენ

კანონს და მფარველობენ პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს.


მხოლოდ ანონსის გასვლის შემდეგ, გადაცემის და სიუჟეტის ავტორებმა შინაგან

საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტული სახელის და გვარის

ადამიანების შესახებ გადაამოწმეს ინფორმაცია და იკითხეს, იყვნენ თუ არა

ისინი პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ეკუთვნოდათ თუ არა მათ სოციალური

ქსელის კონკრეტული პერსონალური გვერდები.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მათ მიერ დასახელებული არც ერთი პირი შინაგან

საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ მტკიცებით

ფორმაში განაცხადეს, რომ მათ მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა

სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან.


რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოს, რომელიც ჟურნალისტებმა სოციალური

ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდიდან აიღეს და მასზე დაყრდნობით

ამტკიცებდნენ, რომ ვინმე ბექა შელია არის პოლიციის თანამშრომელი, ეს

ინფორმაცია არის  სიცრუე და ფოტოზე  ასახული პირი არ არის ბექა შელია. უფრო

მეტიც, აღნიშნული ფოტო არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი საიმიჯო ფოტო და

მისი გამოყენება ღია წყაროებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.


მედიის მხრიდან მცდელობა, მტკიცებით ფორმაში საუბრით მაყურებელი დაარწმუნონ

პოლიციელთა ვითომ უკანონო საქმიანობაში, არის საზოგადოების მიზანმიმართული

შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება.


არა მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალების, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ,

პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებული აქტიურობით ხდება ცრუ და

გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება. აღნიშნული არის თავდასხმა

პოლიციაზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება შინაგან საქმეთა

სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას."- ნათქვამია განცხადებაში.



კომენტარები:

ფართი შოპი