მიხეილ ჩხენკელი: 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ

26 Jan 2021 18:16

„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ“ - ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის, ბუნებრივი გარემო სწორედ საკლასო ოთახია. რაც შეეხება დიდი ქალაქების - თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მინისტრის თქმით, გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში 1 მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა მათი გახსნა, პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.

 

„ჩვენ გვაქვს მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების 4% -იანი მაჩვენებელი, ანუ, თუ 1 მარტამდე  ინფიცირების 7 დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან.  

 

ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რომ 4 %-ზე თუ ჩამოვა 7 დღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება რომ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ.

 

აქვე მინდა, აღვნიშნო მნიშვნელოვანი გარემოება - ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულად ტესტირებას.  ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი