ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გენერალ ალეს ოპატასთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებები და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივები განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზიარება ნატოში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო წვრთნებისა და განათლების, ასევე სამხედრო მრეწველობის/ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩეხეთსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.