რევაზ სოხაძე „ჯივიპის“ საქმიანობის შესწავლას და კომპანიასთან სამუშაო შეხვედრის გამართვას ითხოვს

30 Jan 2021 00:46

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „ჯივიპის“ საქმიანობის შესწავლა მოითხოვა და კოლეგებს კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა შესთავაზა.


მისი თქმით, „ჯივიპის“ მიერ შესრულებული სამუშაოები არ არის სრულფასოვანი და მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს.


„უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რომ არის საკმაოდ სერიოზული დაზიანებები, ჩასატარებელია სამუშაოები და ეს ორგანიზაცია თვეები და ზოგ შემთხვევაში წლებიც კი არანაირ ნაბიჯებს არ დგამს. საბოლოო ჯამში, ამით მოსახლეობას ზარალდება, რომელსაც პრეტენზია მუნიციპალიტეტის მიმართ უჩნდება,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.


თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე  კომპანია „ჯივიპი“-სთან შეხვედრის ინიციატივითაც გამოვიდა.


„მინდა, ჩვენს კოლეგებს მივმართო, რომ იქნებ რაიმე ფორმატი მოვიფიქროთ, სადაც ამ ორგანიზაციას შევხვდებით, მოვუსმენთ და გავიგებთ, რა მიზეზით არ სრულდება სამუშაოები სრულფასოვნად“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი