"მედიცინა ძველ თბილისში" - ასე ჰქვია კვლევას და წიგნს, რომელზეც გასული წლის გაზაფხულზე, პანდემიის მიმდინარეობისას დაიწყო მუშაობა. წიგნი თბილისის მერიისა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით გამოიცა.
როგორც წიგნის შემდგენელი, ანა ბაქანიძე აღნიშნავს, კვლევის ფარგლებში შეგროვდა/დამუშავდა სამედიცინო ხასიათის პუბლიკაციები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდული გამოცემებიდან "დროება" და "ივერია".
"შეკრებილი მასალა წიგნში წარმოდგენილია XIX საუკუნის ბეჭდური ენისა და სტილის დაცვით, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ვიზუალურ მასალებთან ერთად. მოიცავს 1866 წლიდან 1901 წლამდე პერიოდს.
მასალები არის მრავალფეროვანი: მცირე სტატიები, საინფორმაციო თუ სარეკლამო ხასიათის განცხადებები, კრიტიკული თუ ანალიტიკური პუბლიკაციები და ა. შ. სტატიებისა და წერილების ავტორები ძირითადად არიან გაზეთების კორესპონდენტები, ზოგ შემთხვევაში კი თავად ექიმები და პაციენტები.
წიგნში გხვდება ცნობები საავადმყოფოებისა თუ კერძო მკურნალების შესახებ: გაზეთების ცნობით, მეცხრამეტე საუკუნის თბილისში იხსნება და ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებები: მიხეილის საავადმყოფო, საფერშლო სკოლა, საბებიო ინსტიტუტი, "საბავშვო საავადმყოფო", "სამშობიარო ღოშპიტალი", საავადმყოფო "სულით დაავადებულთათვის", მეტეხის სატუსაღოს სამკურნალო, ავლაბრის "სასიფილაქტიკო საავადმყოფო", საავადმყოფო რიყეზე ქუნთრუშით ავადმყოფთა სამკურნალოდ, იმავე პერიოდში იხსნება, პირველი "სტომატოლოგიური ოთახები" ამ საქმეს ქალაქის მმართველობასთან ერთად ხელს უწყობდნენ კერძო შემომწირველებიც, ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც ფინანსურად ან სხვა სახით ეხმარებოდნენ საავადმყოფოებს და მათ მესვეურებს. გაზეთების მიხედვით: "მუშტაიდის მახლობლად, ელისავეტის ქუჩაზე იყო ყვავილიანთა საავადმყოფო, რომელიც 1878 წელს გაიხსნა ,,თფილისის სანიტარული კომისიის" განკარგულებით; საავადმყოფო იყო კუკიაზეც, მოსტოვაიას და ელისავეტის ქუჩების კუთხეშიც, სლინკოს ადრინდელი სახლებში, ვარანცოვის ძეგლის მახლობლად და ის იმ პერიოდში თბილისში ცნობილ ექიმს - პავლოვსკის ეკუთვნოდა;" 1864 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოება (კსს), აქ ასევე ფუნქციონირებდა "ქალაქის გასასუფთავებელი კომიტეტები", სასანიტარული ატრიადი, ფარმაცევტული საზოგადოება, სადეზინფექციო სადგომები, საქიმიო ლაბორატორია...
თბილისის საკრებულო დარბაზში ცნობილი ექიმები ატარებდნენ საგანმანათლებლო და საჯარო ლექციებს სხვადასხვა სამედიცინო საკითხზე, რომელსაც ასობით მოქალაქე ესწრებოდა ხოლმე, გაზეთები კი ხშირად ამ მოხსენებათა შინაარსს კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის აქვეყნებდა.
გაზეთებში ასევე იბეჭდებოდა ცნობები იმ პერიოდში გავრცელებული დაავადებების - ხოლერის, ჭირის, ჭლექის, ქუნთრუშას, ყივანახველას, მუცელას, ყვავილის, წითელას, სიფილისის, კეთრის, მალარიის, ტიფის, ხუნაგის შესახებ და მოცემული იყო რჩევები მოსახლეობისთვის, აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის გზები და მეთოდები.
გვხვდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია თბილისში გავრცელებული სხვადასხვა ეპიდემიის შესახებ, ცნობები ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ (მაგ: ხდებოდა ქალაქის დეზინფექცია, თბილისის ქუჩები ირწყვებოდა მტკვრის წყლით, შენდებოდა თავშესაფრები დაავადებულთათვის, იქმნებოდა ახალგაზრდული დასები ინფიცირებულთა დასახმარებლად, გაზეთების მეშვეობით გაიცემოდა რეკომენდაციები, იწერებოდა კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკის და გამოცდილების შესახებ, ზოგი დაავადების შემთხვევაში ხდებოდა ვაქცინაცია, დაავადების პრევენცია და ა.შ. გაზეთებში მოცემულია ეპიდემიების დროს თბილისის საავადმყოფოების მუშაობის განრიგი და ანგარიშები, ასევე დაავადებულთა, გარდაცვლილთა თუ გამოჯანმრთელებულთა დაწვრილებითი სტატისტიკაც.
გვხვდება ცნობები თბილისელი ექიმების შესახებ, ასევე ქალაქში სხვადასხვა დროს ჩამოსული უცხოელი მედიკოსების შესახებაც, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ ადგილობრივი კოლეგებს, ხშირია პაციენტთა თუ კორესპონდენტთა სამადლობელი წერილები ექიმების მისამართით, ზოგ შემთხვევაში კი მწვავე და კრიტიკული წერილებიც მედიცინის მუშაკთა შესახებ.
არაერთი სტატია ეძღვნება ხალხური მედიცინის საკითხებს, სახალხო მკურნალებისა და ძველი ქართული კარაბადინების თემას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხალხურ მეთოდებს, კრიტიკული წერილებია ამა თუ იმ ავადმყოფობასთან დაკავშირებული რიტუალებისა და ცრურწმენების, ასევე მკითხავების მიერ ავადმყოფთა მკურნალობის" საკითხებზე.
გვხვდება სარეკლამო განცხადებები არა მხოლოდ სახელმწიფო თუ კერძო სამედიცინო დაწესებულებების, არამედ: სხვადასხვა პრეპარატის, სამედიცინო ტექნიკის, ჰიგიენური თუ ესთეტიკური პროდუქციის, ადგილობრივი სამკურნალო რესურსების შესახებ. წლიდან წლამდე გაზეთების სხვადასხვა ნომერში გამოქვეყნებული ერთი და იმავე საავადმყოფოს/სამკურნალოს განცხადებები კი გვიჩვენებს თუ როგორ ვითარდებოდა და იზრდებოდა ამ უკანასკნელის სამედიცინო მომსახურების სერვისები და შესაძლებლობები.
წიგნში მრავლადაა სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები და ისტორიები. ასე, მაგალითად:
1883 წელს თბილისის სანიტარული კომისიის გადაწყვეტილებით ქალაქი გაიყო რამდენიმე სანიტარულ ნაწილად, რომლების ზედამხედველობაც ჩაბარდა ერთ ექიმსა და ერთ მზრუნველს ხმოსანთაგანს;
1888 წელს მიხეილის საავადმყოფოს მღვდელმა მამა ვ. კარბელაშვილმა ავადმყოფთათვის მცირე ბიბლიოთეკა მოაწყო, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა;
1891 წელს წელს, ქალაქის სკოლების გამგე კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის სკოლებს საკუთარი მკურნალი ბ-ნი თარხანოვი დაენიშნა;
1898 წელს პარიზის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა თბილისიდან წასულმა ახალგაზრდა ქალმა მარიამ ბაქრაძემ, რომელიც მალევე დაბრუნდა ქალაქში და ექიმად დაიწყო მუშაობა;
1900 წელსქალაქის თვითმმართველობამ შუამდგომლობა აღძრა იმის შესახებ, რომ თბილისში დაეწესებინათ საზოგადო გადასახადი საავადმყოფოს სასარგებლოდ;
ეს და სხვა ასეულობით სტატია აცოცხლებს თბილისის სამედიცინო კულტურას, აერთიანებს და ქმნის თბილისელი ექიმების წარმატებებისა და მარცხის ისტორიას. თუმცა, ეს არაა მხოლოდ მედიცინის ისტორია, სამედიცინო სფერო მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებთან, საგანმანათლებლო და კულტურულ ასპექტებთან. შესაბამისად, აღნიშნული მასალები მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს დასახელებული სფეროების შესახებაც."- განმარტავს ანა ბაქანიძე.