დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას, შეზღუდვების უფრო სწრაფად მოხსნას და ქვეყნის განვითრების უსწრაფეს რეაბილიტაციას

03 Feb 2021 03:29

„ვაქცინების პირველი პარტია ქვეყანაში შემოვა თებერვლის ბოლომდე და დავიწყებთ პირველ რიგში მედპერსონალის აცრას, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ზონაში მუშაობენ და იცავენ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას. გვრჩება ერთი რამ, საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა, რომ მოქალაქეებში უსაფუძვლო შიში არ გაჩნდეს და რეალურად შეფასდეს ის რისკები, რაც გამორჩეულად დიდია ვაქცინის გარეშე. საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას, შეზღუდვების უფრო სწრაფად მოხსნას და ქვეყნის განვითრების უსწრაფეს რეაბილიტაციას“-ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დღეს მსოფლიო, მათ შორის საქართველო, კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. საჭიროა ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვა. მისივე თქმით, მამისათვის, შემუშავებულია ვაქცინაციის გეგმა, მომზადებულია ინფრასტრუქტურა, შერჩეულია კლინიკები, გადამზადებულია მედპერსონალი, საკანონმდებლო დონეზეც ყველა შესაძლო რისკი გადაზღვეულია, რათა მოქალაქეების როგორც ჯანმრთელობა, ისე მათი უფლებრივი მდგომარეობა იყოს დაცული.

 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღეს, პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება გამორჩეულად დიდია, თუმცა გამოწვევა ბოლომდე უნდა დაიძლიოს. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო პრემიერის ხელმძღვანელობით დღემდე მუშაობს და მართავს ძალიან რთულ პროცესს. უწყების ხელმძღვანელები, ეპიდემიოლოგები, ექიმები, მესაზღვრეები, შემოსავლის სამსახურის თანამშრომლები, პოლიციელები, სამხედროები და სხვები აქტიურად არიან ჩართული კრიზისის მართვაში.


„მიუხედავად ჩენი ოპონენტების მუდმივი ძახილისა, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშალა, რაც მათი მხრიდან უარესის სურვილით იყო განპირობებული, მაქსიმალური გადატვირთულობის დროსაც მხოლოდ ხარვეზები თუ ფიქსირდებოდა, რაც ასეთ რთულ მდგომარეობაში ბუნებრივია. არც ერთი მოქალაქე მკურნალობის გარეშე არ დარჩენილა. თუმცა, ზიანის გარეშე მაინც ვერ შევძელით, ასევე ზიანის გარეშე ვერ შეძლეს უფრო ძლიერმა ქვეყნებმაც. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ რომ არა პროცესის თანმიმდევრული მართვა, დანაკარგი გაცილებით მეტი იქნებოდა.


საზოგადოების დამყოლობაზე არ შემიძლია პოზიტიურად არ ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მძიმედ აწვება თითოეულ მათგანს და მათ საქმიანობას, წესებს და რეკომენდაციებს უმრავლესობა იცავს. მადლობა მათ ამისთვის. რასაც ვერ ვიტყვი იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმონ და ხშირად მოუწოდებენ საზოგადოებას ქუჩაში გამოვიდნენ და დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ, რაც პანდემიის მართვის პროცესში ყველა წესს სცდება და რისკის ქვეშ აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას. ისინი მას სრულიად შეგნებულად ცდილობენ დღესაც“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი