პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონში გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლები კი გუბერნატორები გახდნენ

09 Feb 2021 20:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონში გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლები კი გუბერნატორები გახდნენ.


დღეიდან ახალი გუბერნატორები ეყოლება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს.


მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს; შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება; ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს.


სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში გუბერნატორებად დაინიშნენ ისინი, ვინც აქამდე მათ მოვალეობას ასრულებდნენ. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში - მალხაზ  თორია; კახეთში - ირაკლი შიოშვილი.


სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობებზე რჩებიან ქვემო ქართლში - შოთა რეხვიაშვილი; სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი , ხოლო იმერეთში - ზვიად შალამბერიძე.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.



კომენტარები:

ფართი შოპი