ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა აცხადებს, რომ 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა დეკებერში გაიგეს, როდესაც ძალადობა მეორედ მოხდა.
გარდაცვლილის დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და საქართველოში შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. როგორც ის აცხადებს, არასრულწლოვანზე მეორედ ძალადობის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.
“მისი დედ-მამა ტყუილად აფარებს ხელს.
სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, წინა დღით მელაპარაკა, ვამზადებდი საბუთებს, რომ თურქეთში წამეყვანა, ბედნიერი იყო ბავშვი, შენთან წამოვალ და ერთად ვიქნებითო, უხაროდა, მაგრამ მეორე დღეს რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არ ვიცი", - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.
ამასთან, გოგონას დედა გამოეხმაურა მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახში ძალადობის შესახებ გაიგეს, არასრულწლოვანს სახლში სცემდნენ.
როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, ბაბუას შვილიშვილი არასდროს უცემია, “მაგრამ სანამ პოლიციაში წაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს საკუთარმა ბიძებმა”.
“ექსპერტიზას უთქვამს, ზურგი, ფეხები, სულ ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს ცემისგან. მერე წაიყვანეს პოლიციაში და მანქანაში ემუქრებოდნენ თურმე ნათესავები, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა თვითონ", - ამბობს “ტვ 25”-თან საუბარში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა.
ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.