თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლის მშობელი, ამავე სკოლის წინააღმდეგ დავას სასამართლოში აგრძელებს

12 Feb 2021 19:20

ჩვენს რედაქციას თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ყოფილი მოსწავლის მშობელი იანა ბიკოვა დაუკავშირდა. მისი სურვილია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ის სამწუხარო გამოცდილება, რომელიც აღნიშნულ სკოლასთან თანამშრომლობას უკავშირდება. იანა ბიკოვას წერილს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:


"ალბათ დაინტერესებულ მკითხველს ახსოვს ჩემი შვილის ისტორია,  რომელიც გერმანული საერთაშორისო სკოლის დაუდევრობის, სრული უპასუხისმგებლობისა  და, შესაძლოა, საკუთარი შეცდომების დაფარვის გამოც, სწავლის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ (საბავშვო ბაღი + 5 კლასი), აღმოჩნდა ცოდნისა და სწავლის დამადასტურებელი საბუთების გარეშე.


ჩვენი ისტორია მკითხველებს 2020 წლის ივლისში, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავუზიარეთ. ამ დროის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს უკვე ვიცი, რომ ჩემი შვილის გარდა, გერმანულ სკოლაში ასეთივე პრობლემის წინაშე, სკოლის კიდევ 29 მოსწავლე აღმოჩნდება.


რადგან ასეთი მდგომარეობაში შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი, მშობელი და ბავშვი აღმოჩნდეს, მინდა, ამ პლატფორმის მეშვეობით განვაგრძო ჩვენი ამბის მოყოლა, რათა მკითხველს ვაჩვენოთ ჩვენი ამბის სრული სურათი:  როგორც ყველა მშობელს, მეც მსურდა საუკეთესო განათლება მიმეცა შვილისთვის და სკოლის-წინა და სასკოლო  არჩევანი შევაჩერე გერმანულ საერთაშორისო სკოლაზე. არჩევანი დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა რომ სკოლა როგორც ქართულ, ასევე გერმანულ უმაღლესებისთვის მისაღებ ორთავე  ატესტატს გვპირდებოდა. ეს დაპირება კი თიურინგენის მიწის საშუალო სკოლის სისტემის და საქართველოს განათლების ხარისხის ცენტრის ავტორიზაციებით იყო გამყარებული.


2014 წელს ნიკა შევიყვანე სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში, 2015 წლის სექტემბერში კი, ჩაირიცხა ამავე სკოლის პირველ კლასში. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ასაკამდე ბავშვს აკლდა 2 კვირა, სკოლის ადმინისტრაციამ ეს პრობლემად არ მიიჩნია. ნიკასთან ერთად, წინსწრებით მისი თანატოლიც (იმავე ბაღის სხვა მოსწავლე) ჩარიცხეს, რომელიც დღემდე აგრძელებს ამ სკოლაში სწავლას.


ამ კერძო სკოლას  5 წლის მანძილზე ბევრი მოუგვარებელი პრობლემა ჰქონდა და აქვს მენეჯმენტსა და ადმინისტრაციაში, სწავლებასა თუ მოსწავლისადმი დამოკიდებულებაში, არასასურველი მშობლებისადმი მიკერძოებულობაში, რასაც სკოლის მენეჯმენტი არ აღიარებს (იხ. ჩემი წინა გამოქვეყნებული წერილი ამავე ვებგვერდზე). ამ წერილში მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლები, სადაც გერმანიიდან მოწვეული მათემატიკის მასწავლებელი ბავშვებს, საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადასაფარად, მუდმივ რეჟიმში არაკორექტულად მიმართავს, დროსა და რესურსს არ უთმობს საშინაო დავალებების შემოწმებას,  ბავშვებს მზა პასუხებს ურიგებს, საკითხის ახსნისა და განმარტების ნაცვლად. როგორ წარმოგიდგენიათ მათემატიკის სწავლება ისე, რომ ბავშვს დაშვებული შეცდომა არ განუმარტო?! ასეთი სამწუხარო მაგალითი არაერთია... მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია იმ გზას ირჩევს, სადაც ბავშვის ინტერესი უპირატესი არასოდესაა, ელოდება არაკვალიფიციურ მასწავლებელთან კონტრაქტის ამოწურვას და განაგრძობს თავის მართლებას  - „საქართველოში ჩამოსვლა ბევრ გერმანელ მასწავლებელს არ სურს, შესაბამისად შეზღუდულები ვართ არჩევანშიო“. ამ და სხვა უამრავი პრობლემის  გათვალისწინებით, გადავწყვიტე ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა. მოგეხსენებათ, რამდენად სტრესულია მეხუთე კლასელისთვის სკოლის შეცვლა, მაგრამ როდესაც ხარისხი არ შეესაბამება გადასახადს, სკოლა კი არ აღიარებს პრობლემებს, მდგომარეობის გაუმჯობესების იმედიც აღარ არსებობს.


მიუხედავად იმისა რომ ნიკას გაუმართლა თანაკლასელებში, დამრიგებელში, ჰყავდა საყვარელი მასწავლებლებიც და წარმატებით ართმევდა თავს დავალებებს, შევამჩნიე რომ ჩემი შვილისადმი უარყოფით დამოკიდებულებას დირექტორი და მათემატიკის/ბუნების მასწავლებელი აყალიბებდნენ მთელი მეხუთე კლასის  განმავლობაში. აქვე დავაზუსტებ რომ სკოლაში ბუნებასა და მათემატიკას ერთი მასწავლებელი ასწავლის. წლის ბოლოს კი დირექტორმა,  სწორედ მათემატიკის და ბუნების ნიშანზე დაყრდნობით, შემომთავაზა ბავშვის „რეალ-სკოლაში“ (ქართული მიახლოებული შესატყვისი - პროფესიული სასწავლებლის ფორმატი) გაფორმება ან მეხუთე კლასის თავიდან გამეორება. ბავშვის კლასში ჩატოვება მოთხოვნა ძალიან მეუცნაურა, რადგან ნიკა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ საშაბათო სკოლაში წარმატებით სწავლობდა.


ნიკასადმი დამოკიდებულების შეცვლა კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი გახდა ჩემთვის და გადავწყვიტეთ სკოლის შეცვლა. ზაფხულის დასაწყისში ნიკამ წარმატებით ჩააბარა მეექვსე კლასში მისაღები გამოცდები სკოლა ”ლოგოსში” და კონტრაქტსაც მოვაწერე ხელი. მაგრამ ერთი კვირის თავზე, “ლოგოსმა” შემატყობინა, რომ ბავშვს ვერ მიიღებდნენ, რადგან იგი არ ფიქსირდებოდა საგანმანათლებლო სისტემის საინფორმაციო ბაზაში!


ამ მომენტიდან კი მოვლენები სწრაფად ვითარდება, და ყოველდღიურად ვიგებთ სკოლის მიერ მოწაფის დარღვეულ უფლებაზე. აღმოჩნდა რომ:


დირექტორი გვთავაზობს სწავლის გასაგრძელებლად „რეალ - სკოლას“,  რისი უფლებაც არ აქვს, რადგან ეს პროგრამა ავტორიზებული არ არის;


ნიკასთვის კლასის გამეორების მცდელობა ხრიკია, რომელითაც სკოლა ჩემს შვილს  მეხუთე კლასში ჩატოვებით ასაკს „გაუსწორებდა“ და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში  მოიყვანდა (მოგვიანებით გავიგე, რომ საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 6 წლამდე ბავშვის ჩარიცხვა კანონით იკრძალება);


ნიკა არ არის რეგისტრირებული ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემებში (EMIS), რაც ნიშნავს რომ ბავშვი სხვა სკოლაში ვერ გადადის, რადგან მას არ უფიქსირდება განვლილი საგნები, ნიშნები და ა.შ. ნიკა გერმანულ სკოლაში მხოლოდ ადმინისტრაციის კომპიუტერის სიაშია შეტანილი, საიდანაც წლიდან-წლამდე ნიშნებს გვიბეჭდავდნენ.


სკოლა არ/ვერ გვაწვდის  ბავშვის პირად საქმეს, როგორც ჩანს,  იმის გამო რომ „არარსებულ“ ბავშვებზე პირადი საქმე სკოლის მიერ არ იწარმოება.


სიტუაციაში გასარკვევად მივმართე განათლების სამინისტროს, კერძოდ მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ეკატერინე დგებუაძეს, რომელიც გულისყურით მოეკიდა ჩვენს გასაჭირს და სწორი მიმართულება მოგვცა: დავუკავშირდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სადაც სკოლაში არსებულმა მდგომარეობამ, აქაც დიდი აღშფოთება გამოიწვია.


ბავშვს მობილობის უფლებით რომ ესარგებლა, ამისთვის მხოლოდ კანონიერი გზა არსებობდა, რაც ნიშნავდა, რომ გამოცდა უნდა ჩაებარებინა ყველა საგანში, პირველიდან მეხუთე კლასისის ჩათვლით, ფიზკულტურაც კი. აქედან დაიწყო ჩვენი რთულად სავალი გზა. დასვენების ნაცვლად, მთელი პანდემიური, ცხელი ზაფხული, სამი თვის მანძილზე ვემზადებოდით  და ვაბარებდით გამოცდებს რათა ბავშვის EMIS-ის სისტემაში შეყვანა  და შემდგომ კი ახალ სკოლაში ჩარიცხვა ყოფილიყო შესაძლებელი.


აქვე ისმის კითხვა, რა გააკეთა გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ან ბავშვის დასახმარებლად? - პასუხი ცალსახაა. არაფერი! ასეთ მდგომარეობაში დატოვებული ბავშვისადმი სკოლას არ გამოუჩენია არანაირი ინტერესი. როცა ცხადი გახდა, რომ სკოლა  „არ იმჩნევდა“ ნიკას პრობლემას, შევეხმიანე ნიკას სხვა კლასელის მშობელს, რომელიც ასევე წინსწრებით იყო ჩარიცხული და მასაც სურდა შვილის გადაყვანა თბილისის N საჯარო სკოლაში.  აქ კი აღმოჩნდა რომ მშობელს გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ გარიგება შესთავაზა, სთხოვეს, რომ არ გაესაჯაროებინა პრობლემა, არ ეწასულიყვნენ სასამართლოში,  რადგან ასეთ შემთხვევაში სკოლას დახურავდნენ და გერმანელი ბავშვები სკოლის მიღმა დარჩებოდნენ; მისი შვილი, მიუხედავად ასაკის შეუსაბამობისა, აგრძელებს სწავლას გერმანული საერთაშორისო სკოლის მეექვსე კლასში ყოველგვარი EMIS-ში რეგისტრაციის გარეშე. სკოლას ისევ შეცდომაში შეჰყავს მშობელი, რომელიც ვერ გაერკვა ამ სისტემურ პრობლემაში და შესაძლოა ერთ დღეს უკვე მე-10 ან მე-11 კლასში დაუდგეს მოსწავლეს 20-ზე მეტი საგნის თავიდან ჩაბარების აუცილებლობა და წლის დაკარგვა მოუწიოს.


ნიკამ, მართალია, წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა და მათემატიკაშიც უმაღლესი ქულა მიიღო, მაგრამ აქ აღმოჩნდა რომ კანონის მიხედვით ბავშვი მხოლოდ ასაკის შესაბამის კლასში შეიძლება ჩაირიცხოს! მე ვერ აღგიწერთ რას გრძნობს მშობელი, რომელიც თავისი შვილს ვერ უხსნის უსამართლობის, ჩაგვრის და გაურკვევლობისა მიზეზს. გერმანული სკოლის უკანონო ქმედებას, ზაფხულში გამოცდებისთვის მზადებას, ნერვიულობასა და სტრესს, კიდევ ერთი პრობლემა დაემატა - ნიკა მეექვსეს ნაცვლად, მე-5 კლასში დაბრუნდა, რაც 1  სასწავლო წელს გვაკარგვინებს. თუმცა იყო გამოსავალიც, საქართველოს განათლების კანონში არსებობს მუხლი ( მე-11, ნ), რომლის მეშვეობითაც, განათლების მინისტრს შეეძლო  ბავშვის ინტერესების დასაცავად გამონაკლისის დაშვება  და ნიკასთვის მეექვსე კლასში სწავლის უფლების მიცემა, მაგრამ ეტყობა მინისტრმა ვერ, ან არ დაინახა ბავშვის უფლებების დარღვევა გერმანულ საერთაშორისო სკოლაში!


მაგრამ როგორ „ჩაფარცხავს“ სკოლა განათლების ხარისხის ცენტრის ექსპერტების მიერ აღმოჩენილ სხვა უფლებების და კანონის დარღვევებს? რატომ არ აქვს სკოლას განახლებული სასწავლო გეგმა? ექნებათ თუ არა სკოლადამთავრებულებს დაპირებისამებრ საქართველოს სკოლის ატესტატი? რატომ არ აწარმოებს სკოლა პირად საქმეს ყველა მოწაფეზე? რა ბედი ეწევა იმ 29 ბავშვს რომელიც სკოლის კომპიუტერშია „დამალული“ და არ ფიქსირდებიან EMIS-ის სისტემაში? იციან თუ არა 29 ბავშვის მშობლებმა რომ მათი შვილები შესაძლოა „კანონგარეშე“ აღმოჩნდნენ განათლების სისტემაში? ალბათ, ცალკე კვლევის და ძიების საგანი უნდა გახდეს თუ როგორ იხდის სკოლა საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში მოსწავლეებზე, რომლებიც არ ჰყავს შესაბამისად გაფორმებული? (თითოეული მოსწავლე წელიწადში 16.000 ლარს უხდის სკოლას.)


მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ  სკოლის ქმედება ბავშვის ფუნდამენტური უფლებების მიზანმიმართული დარღვევაა და არა უნებლიე შეცდომა, რადგან საქმე ეხება 29 ბავშვს  ( და არა 2 ბავშვს, როგორც სკოლა ამტკიცებს) და ძნელი დასაჯერებელია რომ ისეთ პროფესიონალ დამფუძნებელთა საბჭოს, სადაც შედის ამავე განათლების ცენტრის ხარისხის ექსპერტი და განათლების არასამთავრობო პროგრამის ხელმძღვანელი, ცნობილი იურისტი და ადვოკატი, ბანკის გენ. დირექტორი და ა. შ. ვერ გარკვეულიყვნენ სკოლაში მიღების წესსა თუ მოსწავლეების EMIS-ში დარეგისტრირების აუცილებლობაში.


იმედია, რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ და სხვა დარღვევებს სულ მალე გამოიძიებს, რადგან ხარვეზების გასასწორებლად სკოლისთვის მიცემული  დრო 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში იწურება. ასევე იმედი მაქვს რომ აღმოჩენილი დარღვევები მხოლოდ „ხარვეზის“ და „კაზუსის“ კატეგორიაში არ დარჩება და სკოლის მმართველობა ვერ დაამუნათებს ხარისხის ცენტრის  საბჭოს.


მე ვაგრძელებ ბრძოლას  (მათ შორის სასამართლოშიც) ჩემი და თქვენი შვილების უფლებების დასაცავად, რადგან მჯერა, რომ ჩვენ შვილების სამართლიანი მომავალი სწორედ ჩვენი შესაქმნელია!"- ნათქვამია წერილში. 



კომენტარები:

ფართი შოპი