შალვა პაპუაშვილი: "შაბათს, პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია"

14 Feb 2021 18:39

სამშაბათს, პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, უმრავლესობის პოზიცია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იქნება.


მისივე თქმით, პროცედურების თანახმად, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის ვადა ოთხშაბათამდე აქვს.


„გამოხმაურებებმა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები იმით რომ არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან და ახლა ისინი გავიდნენ ასევე სამართლებრივი სივრციდან, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს ერთ რამეს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს თუ რა არის კანონი, შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და მას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და ყველა მისი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


რაც შეეხება მოლაპარაკებებს, როგორც პაპუაშვილი ამბობს, თუ პროცესი დაზიანდება, ამაზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიას ეკისრება.


„მოლაპარაკებები არის შეჩერებული როგორც ვაკვირდებით. თუ დააზიანებს დააზიანებს მხოლოდ ნიკა მელიას მოქმედება ამ მოლაპარაკებებს. აღკვეთი ღონისძიება, რომელიც ჰქონდა შეფარდებული მელიას, აქამდე არ გაუპროტესტებია, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და ამიტომ ხდება დამძიმება. თუკი რაიმე ხდება და მათ შორის, დაკავება თუკი მოხდება, მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ასე გადაწყვეტენ ჩვენი ოპონენტები, ეს იქნება მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ გაამწვავონ პროცესები. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას ის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ კანონებს ყველამ უნდა სცეს პატივი და სადეპუტატო იმუნიტეტი არ წარმოადგენს პრივილეგიას იმისთვის, რომ ამას ამოფარებულმა პოლიტიკოსებმა გამოიწვიონ სახალხო მღელვარება და გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“



კომენტარები:

ფართი შოპი