პარლამენტის 7 კომიტეტი ხვალ მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენს

20 Feb 2021 23:14


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გრძელდება.


კომიტეტების ფორმატში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ.


13:00 საათზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაა ჩანიშნული, 17:00 საათზე კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.


22 თებერვალს კი პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.


შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, რომელსაც მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.




კომენტარები:

ფართი შოპი