ვახტანგ გომელაური: „2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს - შესული ზარების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა“

21 Feb 2021 22:03

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა.


„2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების

რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა

რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე

მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა  ერთიანი სამთავრობო

ცხელი ხაზი - „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი

ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით 3 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო.


პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და

განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ვახტანგ

გომელაურმა.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საგზაო მოძრაობის

უსაფრთხოების ამაღლებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვიდეოსამეთვალყურეო

სისტემის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება.

„სულ, საქართველოს მასშტაბით, დამონტაჟებულია 5000-ზე მეტი ვიდეოკამერა.


მათ შორის, 1758 ნომრის ამომცნობი და 3386  ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.


საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით,

საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე

ფუნქციონირებს სიჩქარის კონტროლის 277 სექცია, რის საფუძველზეც, ჯამურად

კონტროლდება 1185 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი“, - განაცხადა მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელმა.


მისივე თქმით, ნომრის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების

შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუჩებში მოძრავი ძებნილი სატრანსპორტო

საშუალებების ავტომატური იდენტიფიცირება.




კომენტარები:

ფართი შოპი