გიორგი ვაშაძე - ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“

22 Feb 2021 00:07

ხელისუფლების ჩაბღაუჭება არასდროს არავის გამოსვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.


მან ხელისუფლებას დიალოგის დაწყება შესთავაზა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.


„ახლა გამადიდებელი შუშით გვიყურებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები აშშ, ევროკავშირი. შესაბამისად, ვიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. 


მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მათ აქვთ ორი არჩევანი-ან დაპირისპირება, კონფრონტაცია ან შეთანხმება, მოლაპარაკებები. ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებთ, რომ მზად ვართ შეთანხმებისა და მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობთ, „ ქართული ოცნებისგან“ მხოლოდ და მხოლოდ კონფრონტაცაიას ვხედავთ და მეტს არაფერს. 

დღეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდების შესაბამისად, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ შეთანხმებისთვის და 25 თებერვლის აქციას გადავდებთ. იმედი მაქვს, რომ ამას მეორე მხარეც დანახავს. ხელისუფლების ჩაბღაუჭება არასდროს არავის გამოსვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა. ამიტომ, ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ-ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში, სრულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რეფორმები ჩატარდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რომ განიმუხტოს ეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში უკვე თვეების მანძილზე გრძელდება. 


ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“. ვფიქრობ, ჩვენი ნაბიჯით საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ისინი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ექვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

ველოდებით მათგან პასუხს იმ ნაბიჯზე, რომელსაც დღეს ვდგამთ“,-განაცხადა ვაშაძემ.


ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.





კომენტარები:

ფართი შოპი