ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, დადგინდეს წამლის ხარისხობრივი მაჩვენებელი და შემდეგ ეკონომიკურ გუნდთან ვიმუშაოთ, როგორ შეიძლება დადგინდეს წამლის ფასი

22 Feb 2021 00:46

მედიკამენტების ფასები არის მუდმივი საკითხი, რომელიც მუდმივად ხდება როგორც კომიტეტში, ასევე საზოგადოებაში კრიტიკის საგანი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცდება და მასზე ეკონომიკურ გუნდთან ერთად უნდა იმუშაონ.


"აქ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა არის შემდეგი - ჩვენ ვაძლიერებთ ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოქალაქეების, რომლებსაც ის ესაჭიროებათ. ესენი არიან როგორც პენსიონერები, ასევე სხვა ქრონიკული დაავადების მქონე სხვადასხვა ასაკის პირები, მაგრამ მხოლოდ ეს პროგრამები ვერ გახდება იმის გარანტი, რომ ჩვენ შევძლოთ და დავარეგულიროთ მედიკამენტის ფასები, მაგრამ ჩემთვის როგორც ჯანდაცვის მინისტრისთვის უპირველესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დადგინდეს წამლის ხარისხობრივი მაჩვენებელი და ამის შემდეგ უკვე ეკონომიკურ გუნდთან ვიმუშაოთ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, როგორ შეიძლება დადგინდეს წამლის ფასი, ვინაიდან, აქ ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციებს სცდება პრობლემა", - განაცხადა ტიკარაძემ.


მისივე თქმით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვანია ასევე, დაანონსებულ სოციალურ კოდექსზე მუშაობის დაწყება.


"ეს გააუმჯობესებს იმ საკანონმდებლო ბაზას, რითაც ჩვენს მოქალაქეებს როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის კუთხით ექნებათ სახელმწიფოსგან გაცილებით მეტი დაცულობა და გარანტიები, იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვთ", - განაცხადა ტიკარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი