ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მუნიციპალური ტრანსპორტისა და წყალმომარაგების პროექტების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა

22 Feb 2021 23:04

მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით გარღვევა იყო 2020 წლის ბოლოს. რუსთავს უკვე გადაეცა და 8 თებერვლიდან მოსახლეობა სარგებლობს 22 ახალი ავტობუსით, ეს არის ევროპული სტანდარტის ტრანსპორტი, 18 ერთეული კი ამ ეტაპზე განბაჟების პროცედურას გადის, - ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


საკითხით რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე დაინტერესდა.


„ზოგადად, საკანონმდებლო ხარვეზიც მოწესრიგდა და თვითმმართველ ქალაქებთან ერთად, უკვე მუნიციპალიტეტებსაც უფლება აქვთ იქონიონ მუნიციპალური ტრანსპორტი. სწორედ ამ ჭრილში 6 ქალაქს, ეს არის ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, გორი, რუსთავი და თელავი, 175-დან 146 ერთეული ტრანსპორტი გადაეცა, დანარჩენი კი ყველა ჩამოსულია და განბაჟებას გადის. 

მნიშვნელოვანია ასევე, რომ დაბა ბაკურიანს 10 ავტობუსი მოემსახურება. ეს არის პირველი დიდი ძალისხმევა ამ მიმართულებით და ბუნებრივია, სახსრების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


ნინო ლაცაბიძე გარდაბნის წყალმომარაგების პროექტითაც დაინტერესდა.


„მნიშვნელოვანი ფაზა დასრულებულია გარდაბნის წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით. კერძოდ, სათავე ნაგებობა და რეზერვუარი მოეწყო და მიმდინარეობს მეორე ფაზის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს უკვე ჭაბურღილების და მაგისტრალის მოწყობას. 

მიმდინარე წლის სექტემბერში, როგორც კი მეორე ფაზა დასრულდება, აპრილში დაგეგმილია მესამე ფაზის დაწყება, რაც დაქსელვას გულისხმობს, რომლის შედეგადაც 26 000 ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება გამართული წყალმომარაგებით. გარდა ამისა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დამატებით კიდევ 6 სოფელში ორი პროექტი მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც 11 000 ბენეფიციარი შეემატება ცენტრალური წალმომარაგების სისტემას,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.


მინისტრობის კანდიდატმა წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასმულ სხვა შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ამ სფეროში დაფინანსება ათჯერ გაიზარდა,ამ ეტაპზე კი 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის ღირებულების 128 პროექტი მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი