გზავნილი არის - „ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე“

23 Feb 2021 18:30

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, სადაც სამართალდამცავებმა ნიკა მელია გადაიყვანეს.

როგორც მან მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს.


ნიკა მელია თავს ისე მხნედ გრძნობს, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე. იგი არის ბედნიერი იმით, რომ ოფისში შეკრებილი მოქალაქეები მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე დახვდნენ სპეცდანიშნულების რაზმს. ადამიანებმა არ მიიღეს დაზიანებები. ეს მოწოდება იყო ნიკა მელიას მხრიდან- თუ მოვლენ ძალადობით, უნდა დავხვდეთ სიმშვიდით, ტაშით, სიმღერით. ეს იყო ყველაზე დიდი საფიქრალი, რაც მას ჰქონდა. იგი არის ბედნიერი, რომ არ იყო პროვოკაცია და ადამიანები არ დაზიანდნენ. იგი არის ამაღლებულ განწყობაზე, მხნედ, მოუწოდებს როგორც თავის მეგობრებს, ასევე საზოგადოების წევრებს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ისეა გამარჯვებაში დარწმუნებული, როგორც არასდროს“, - განაცხადა კონდახიშვილმა.


მისივე თქმით, ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ.

ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია როგორც პატიმრობის მოხსნის კუთხით, ასევე როცა არსებითი განხილვა დაიწყება, თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. შეუძლებელია თავისუფლებისთვის ბრძოლა შეაკავო დაკავებით. ჩვენ მოგეხსენებათ სააპელაციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, ჩაინიშნება თუ არა პროცესი. ასევე, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა, უნდა მოხდეს მტკიცებულებათა გამოკვლევის დაწყება. ფაქტობრივად, ყველაფერი გვაქვს წინ და ყველაფერს ნათელი მოეფინება, რომ ეს არის აბსურდული საქმე, რომ ეს არის საქმე პოლიტიკური დევნის, ეს არის საქმე თუ როგორ შეიძლება თავისუფლებისთვის ბრძოლა გადაიქცეს ხელისუფლებისთვის ბრძოლის იარაღად.


ჩვენ, როგორც მისი მეგობრები, ინტერესების დამცველი ადვოკატები, სამართლებრივ მექანიზმებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მისი მხრიდან არის მესიჯი, რომ „ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე“. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვქონდეს მოლოდინი, ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ფარდა აეხადოს ამ საქმეს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.


ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.





კომენტარები:

ფართი შოპი