შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და
1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად
გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე
ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი,
3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი - 1986 წელს დაბადებული
შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის
მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და
მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი
ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.