ნიკოლოზ სამხარაძე - ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა „ქართული ოცნება” დაყოფასა და პოლარიზაციაზე საუბრობდა - ჩვენ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე ვსაუბრობთ

24 Feb 2021 15:37

ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა „ქართული ოცნება” დაყოფასა და პოლარიზაციაზე საუბრობდა - ჩვენ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე ვსაუბრობთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.


დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ საიდან მოდის პოლარიზაცია და სიძულვილის ენა.


„თუკი ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი მიიღონ, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი სახით ვისაუბროთ მათთან. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპი. კანონის აღსრულების შემდეგ, მთავარი საკითხი რაც დგას, არის გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარშემო - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა აღმოიფხვრას. ამას სჭირდება იმ საკითხების მოძებნა, რაზეც ერთიანი პოზიცია გვექნება. საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დაკავებული იყოს არა ერთმანეთთან კინკლაობით, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრით. დღეს იმის დრო არ არის, ერთმანეთს რაღაც წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ. 

დროა, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ერთად გადავწყვიტოთ. ყველანაირი დაყოფა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ერთადერთ ქვეყანას, რუსეთს აწყობს", - განაცხადა სამხარაძემ.


მან აქვე დასძინა, რომ ნიკა მელიას ყველა ბერკეტი ჰქონდა თავიდან აეცილებინა პატიმრობა, მაგრამ სწორედ მან და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს, რომ ციხეში წასულიყო.





კომენტარები:

ფართი შოპი