„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტი - ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია

25 Feb 2021 12:15

ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა განაცხადა.


როგორც ტვაინინგი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ქვეყნის მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება, რადგან ის ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა წარმოადგენდეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს.


„ვაშინგტონში ბევრი ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. ამასთან, თითოეული ჩვენგანი მოელის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფები კონსტრუქციულად იმუშავებენ. ქართველმა ხალხმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა კიდევ ერთი არჩევნები. პოლიტიკოსები აირჩიეს იმისთვის, რომ მათ ქვეყანა მართონ და ქვეყანა წინ წაიყვანონ რეფორმებისა და ზრდის გზით. მათ არ აირჩიეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ერთმანეთში ასე გაუთავებლად იკინკლაონ. უცნობია ის, თუ რამდენად ემსახურება ეს ყველაფერი ქართველ ხალხს და საქართველოს დემოკრატიის პროგრესს, რის ნახვაც ჩვენ ყველას გვსურს,”- აცხადებს ტვაინინგი.


ტვაინინგი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს და არა მხოლოდ მთავრობას და ოპოზიციას, არამედ ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს, თუმცა ტვაინინგი მთავრობის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს.


„მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. ამის გამო, მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს,”- აცხადებს ტვაინინგი.


ტვაინინგი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას.


„საქართველოში არავინაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველო კრიზისული ქვეყნების სიას, იმ სიას დაემატოს, რომელიც ჩამონგრევის რაღაც ეტაპზეა. საქართველოს წარმატება ყველას ინტერესებშია. ამერიკას საქართველოს სახით ძლიერი და წარმატებული მოკავშირე სჭირდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობა მართავს ქვეყანას. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი უკავშირდება არა იმას, თუ ჩვენ რა გვსურს, არამედ იმას, თუ რა სურს ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს სურს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მათთვის მუშაობს და მისი მოქალაქეების წინსვლისთვის ქვეყნის გაერთიანებას ცდილობს,“ - აცხადებს ტვაინინგი.





კომენტარები:

ფართი შოპი