ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი , - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
პროკურორმა ნიკა მელიას საქმის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, იყო პატიმრობა.
„ინტერპრესნიუსი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2021 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
როგორც ცნობილია, ნიკანორ მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხა, 2019 წლის 15 ივლისს (სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში), სრულად იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე.
2020 წლის 1 ნოემბერს, ნიკანორ მელიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები. აღნიშნულმა მოცემულობამ წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, 2020 წლის 3 ნოემბერს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება, ამავდროულად, მისთვის ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე. მასვე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს გააჩნია გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისი ქონებაც და თანხაც, მან არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა. შესაბამისად, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები - ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებდა უზრუნველეყო ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნებოდა - გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2021 წლის 12 თებერვალს, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
პარლამენტის 2021 წლის 16 თებერვლის დადგენილებით გაცემული იქნა თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.
2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბრალდებულ ნიკანორ მელიას დამოკიდებულება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისადმი და ზოგადად მართლმსაჯულებისადმი. ნიკანორ მელიას საჯაროდ დეკლარირებული პოზიცია, რომ შეგნებულად არ შეასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომ განზრახ არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებული გირაოს თანხას, წარმოადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისადმი ნიკანორ მელიას დამოკიდებულებას. მისი ქმედებები და საჯარო განცხადებები, არღვევდა არამხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების არსს, არამედ წინააღმდეგობაში მოდიოდა პრაქტიკულად ყველა სამართლებრივ პრინციპთან, ასევე, მიმართული იყო მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციისაკენ.
სასამართლო გადაწყვეტილებისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ გამორიცხა ნიკანორ მელიას სათანადო ქცევის გონივრული მოლოდინი, შესაბამისად გამოირიცხა ყველა შესაძლო ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა. ნიკანორ მელიას დამოკიდებულება, კანონთან კონფლიქტში მყოფი ქმედების შესაძლო განხორციელების ერთგვარ წახალისებასაც წარმოადგენდა. მსგავსი დამოკიდებულება არ შეიცავს პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს და მას დემოკრატიულ საზოგადოებაში არ და ვერ ექნება კანონისმიერი გამართლება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურის მიზანი ყოველთვის იყო და არის სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით. სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად წარიმართა მოცემულ შემთხვევაშიც სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკანორ მელიას მიმართ.
მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას. ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი, რასაც ბრალდება ყოველთვის უსვამდა ხაზს არამარტო სიტყვით, არამედ ამ მიმართულებით მიღებული თითოეული გადაწყვეტილებითა და განხორციელებული ქმედებით. უფრო მეტიც, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობამ განაპირობა, ვინაიდან მის მიერ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას არ შეეცვლებოდა გირაო პატიმრობით.
მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა - ის რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა. დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.