პროკურორმა წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა მსგავსი შინაარსის ბრიფინგებს არ უნდა ატარებდეს და არც პოლიტიკური მიზანშეწონილობით უნდა ხელმძღვანელობდეს.
„მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, პროკურორმა ბრიფინგზე წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა. ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო და აღკვეთი ღონისძიება შეიცვლებაო. მე არ მქონია, ცხადია, ამ განცდების შემდეგ კომუნიკაცია ნიკა მელიასთან, მაგრამ ვიცი მისი პოზიცია, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ პოზიციით ვხელმძღვანელობ. ამ ბრიფინგითაც დადასტურდა ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით. თუკი მართლმსაჯულების მიზანი იყო მისი პატიმრობაში ყოფნა, ასეთი შინაარსის ბრიფინგებს პროკურატურა არ უნდა ატარებდეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა ხელმძღვანელობდეს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.