სულხან სალაძე მელიას საქმეზე - მიჭირს გავიხსენო შემთხვევა, როცა პროკურატურის მხრიდან ხდება დემონსტრირება, რომ მათი მიზანი არ ყოფილა გირაოს პატიმრობით შეცვლა და ამას ბრიფიგს უძღვნის

26 Feb 2021 15:26

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის მზაობას, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის კვლავ გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობით მიმართოს, პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირებს და სამართლებრივ წინაპირობას ვერ ხედავს.


როგორც სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას და მისი დაცვის მხრიდან არ გამოთქმულა მზაობა გირაოს გადახდაზე, პროკურატურის განცხადება „კონტექსტიდან ამოვარდნილია“. ამასთან, სალაძისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება პროკურატურას აღნიშნული განცხადების წინასწარ გაკეთება.


„ჩვენ არ მოგვისმენია, რომ რადგან ნიკა მელია უკვე დაკავებული იყო, მზაობას გამოთქვამდა, რომ ის გადაიხდიდა თანხას. ეს რომ ასე ყოფილიყო, უფრო ლოგიკური იქნებოდა სამართლებრივადაც პროკურატურას ესაუბრა, რომ ის მზად იყო, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით და მოეთხოვა პატიმრობის შეცვლა გირაოთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ამ თემის ხელახლა შემოტანა, გამომდინარე იქიდან, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და არც ნიკა მელიას ადვოკატების მხრიდან არ მოგვისმენია, რომ მათი მხრიდან გადაწყვეტილება შეცვლილიყო გირაოს გადახდის სასარგებლოდ, ცოტა არ იყოს ამოვარდნილია კონტექსტიდან. ალბათ, ეს იმითაა განპირობებული, რომ მმართველი პარტიის რიგებში ვნახეთ შეცვლილი რიტორიკა და დიალოგზე მოწოდება, საუბრის განახლება. ეს ალბათ იმ უარყოფითი დამოკიდებულებების შედეგი და დემონსტრირებაა, რაც ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს გადაწყვეტილებაა არაა ის, რაც სიტუაციის განმუხტვას უწყობს ხელს. თუ სამართლებრივად ეს მიზანშეწონილი იყო და ამაზე საუბრობდა მმართველი პარტია, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ეს შეიძლება უფრო დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას, ვიდრე ხელს უწყობს სიტუაციის დამშვიდებას.


მიჭირს, გავიხსენო სხვა რომელიმე საქმე, როდესაც პროკურატურა წინსწრებით გამოდის და ამაზე საუბრობს. ვიცით, ზოგადად, რომ პროკურატურასა და დაკავებული პირის ინტერესების დამცველებს შორის გარკვეული კომუნიკაცია შეიძლება იყოს, მათ შორის საუბარი იყოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე, მაგრამ მიჭირს გავიხსენო შემთხვევა, როდესაც თავად პროკურატურის მხრიდან ხდება ამის გაცხადება და დემონსტრირება, რომ მათი მიზანი არ ყოფილა გირაოს პატიმრობით შეცვლა და როდესაც პროკურატურა ამას ბრიფიგს უძღვნის. ამასთან, არ ყოფილა გაცხადებული ნიკა მელიას ადვოკატების მხრიდან რომ ისინი ცვლიდნენ პოზიციას. ამ მოცემულობაში პროკურატურას რაში სჭირდებოდა ამის თქმა, გარდა იმისა, რომ იმის მზაობა მოეხდინა, რომ იქნებ ვიღაც დაფიქრდეს და გადაწყვეტილება შეცვალოს და თანხა გადაიხადოს, რათა გამწვავება განიმუხტოს, ავდგებით და შუამდგომლობას დავაყენებთ, ამის მიღმა სამართლებრივ წინაპირობას ნაკლებად ვხედავ“, - განაცხადა სალაძემ.


გარდა ამისა, სალაძე ფიქრობს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის და პროკურატურა შესაბამის შუამდგომლობას დააყენებს, სასამართლო წინააღმდეგ არ წავა.


„თუ პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობთ და თანხა იქნება გადახდილი, არ მგონია სასამართლო წინააღმდეგ წავიდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართაც არსებობდა ბევრი კითხვა, რომ სასამართლოს არ მიუღია დამოუკიდებლად ეს გადაწყვეტილება, ლოგიკური გაგრძელება იქნება, რომ პატიმრობის ისევ გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება არ იქნება მთლად დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან“, - განაცხადა სალაძემ.


ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, უწყება მზადაა მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით. უწყების განმარტებით, დაცვის მხარის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ეს ფაქტი დაადასტურებს ბრალდებულის, ნიკა მელიას მზაობას პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებაზე.





კომენტარები:

ფართი შოპი