გიგი უგულავა ხელისუფლებას - ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

26 Feb 2021 16:04

მათაც აღიარეს, რომ როცა პროკურორი გაუქმებული გირაოს გადახდას ითხოვს, ანუ სამართლებრივ ნონსენსს, ეს იმთავითვე პოლიტიკური პროცესია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს.


როგორც უგულავამ აღნიშნა, პროკურორის გუშინდელი განცხადება სამართლებრივი ნონსენსია და უვიცობას შეიცავდა.


„მე გულუაშვილზე მაღალი აზრის არ ვარ, მაგრამ ალბათ თვითონაც იცის გუშინ რა ბოდვები წაიკითხა. სამართლებრივად ეს იყო ბოდვა. ნიკა მელია არ აპირებს გავრილოვის ხარკის გადახდას, ეს პროცესი არანაირად არ არის სამართლებრივი. პროკურატურის გუშინდელი განცხადებიდან ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ - მათაც აღიარეს, რომ როცა პროკურორი გაუქმებული გირაოს გადახდას ითხოვს, ანუ სამართლებრივ ნონსენსს, ეს იმთავითვე პოლიტიკური პროცესია.


ნიკა მელიას დაკავების როგორი სპეცოპერაციაც ჩაატარეთ, ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია, ოღონდ „რედბულები“ აღარ მოიპაროთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.





კომენტარები:

ფართი შოპი