მიხეილ სააკაშვილი - ხელები შორს ქართული ბუნებისაგან!

01 Mar 2021 01:56

ჩემი სრული სოლიდარობა “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის ყველა მონაწილეს და ყველა ორგანიზატორს - ხელები შორს ქართული ბუნებისაგან, - ასე მიმართა “ფეისბუქით“ აქციის მონაწილეებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება და ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისათვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.


“რატომ? - ძალიან მარტივია! კონკრეტული მაგალითია მარტვილის კანიონი. თავის დროზე, იქ ჰიდროელექტრო სადგური იყო. როდესაც მე ჩავედი და ვნახე, რომ იქ ამხელა ტურისტული პოტენციალი იყო, ჰიდროელექტრო სადგური გავაუქმებინე, იქედან მოვაშორებინე. იქ კოვიდამდე, წელიწადში 350 ათასი ტურისტი ჩადიოდა. ხალხს ბევრად მეტი შემოსავალი აქვს და ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა. უკრაინაში, დნესტრის ხეობაში, ზუსტად ნამახვანის ხელა ჰესს აშენებდნენ, სადაც არის ძალიან ლამაზი კანიონი, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით. როცა ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ჩემი პარტიიდან ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზება გავაკეთე, ჩავედით და ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობა გავაჩერებინეთ. დღეს ყველა მაცხოვრებელი მადლობელია, რადგან ვითარდება ტურიზმი, აშენდა სასტუმროები, ხალხს შემოსავალი გაუჩნდა და აღარ არიან წასასვლელი სამუშაოდ მეზობელ ქვეყნებში. ზუსტად ასეთივე ულამაზესია ჩვენი ბუნება. არ შეიძლება მისთვის ხელის ხლება, ეს იმხელა საგანძურია! ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება არსებობს: ქარის ტურბინები, მზის ენერგია და უამრავი სხვა რაღაც. საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება იმისთვის, რომ ხალხისგან არ დაიცალოს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


მისივე თქმით, ცნობილია, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული ნამახვან ჰესის მშენებლობაში.


“არცერთი ჰესი საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არ შენდება. ამიტომ არის რომ ამდენი ხანი ხალხის მოთხოვნას წაუყრუეს. ახლა მოუხდებათ დაკმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში. ხალხის ენერგიას ვერაფერი აღუდგება წინ!“, - განაცხადა სააკაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი