დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ და ვაცხადებ, რომ გასაოცარი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორს არის დასრულებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ექსპრეზიდენტმა ახალი პოლიტიკური პარტიის
შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.
„რა ბრწყინვალე იქნება არა? დავაფუძნოთ ახალი პარტია, გავყოთ ჩვენი ხმები და არასდროს გავიმარჯვოთ. ჩვენ გვაქვს „რესპუბლიკური პარტია“. ის გაერთიანდება და უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბების შედეგად წააგო და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მინიშნებაც გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ მათ უბრალოდ წააგეს თეთრი სახლი. მაგრამ ვინ იცის - ვინ იცის, იქნებ მესამედაც გადავწყვიტო მათი დამარცხება,“- აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
ტრამპმა ჯო ბაიდენი და ახალი ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა იმიგრაციის პოლიტიკისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართ მკაცრი დამოკიდებულების შეცვლის გამო და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ „ამერიკა უკანასკნელად“ გადაიქცა.
„ყველამ ვიცოდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცუდი იქნებოდა, მაგრამ არცერთს არ წარმოგვედგინა, ამდენად ცუდები თუ იქნებოდნენ და ასე შორს თუ წავიდოდნენ,“- აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.