თსუ-ში გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 1-ელ მარტს ონლაინ რეჟიმში დაიწყო

01 Mar 2021 22:15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 1-ელ მარტს ონლაინ რეჟიმში დაიწყო.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შექმნილი ეპიდსიტუაციის შესაბამისად დაგეგმა.


„თუ რა ფორმატით გაგრძელდება სასწავლო პროცესი 15 მარტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოები იმსჯელებენ, რის შემდეგაც აკადემიური საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას სტუდენტები უახლოეს დღეებში მიიღებენ“, -აღნიშნავენ უნივერსიტეტში.


თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, გაზაფხულის სემესტრის პირველ ეტაპზე თეორიული კომპონენტით განხორციელდება სწავლება, პრაქტიკული კომპონენტი კი შემდგომ შევა ძალაში.


„სემესტრის დასაწყისში სასწავლო პროცესი შედგება თეორიული კომპონენტებისგან. 15 მარტის შემდგომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იმ მიმართულებებზე, სადაც სრულყოფილი განათლების მისაღებად პრაქტიკული სწავლებაა საჭირო, სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება",- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.


მათივე ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.






კომენტარები:

ფართი შოპი