თურქეთში რესტორნები გაიხსნა და მოსწავლეების ნაწილი სკოლებში დაბრუნდა

02 Mar 2021 19:47

თურქეთში დღეიდან რესტორნები გაიხსნა და მოსწავლეების ნაწილი სკოლებში დაბრუნდა.


Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და დაწყებითი სკოლები გაიხსნა, ასევე მე-8- მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.


ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების დაბალი და საშუალო რისკის ქალაქებში შაბათ-კვირის „ლოქდაუნი“ გაუქმდება, მაღალი რისკის ქალაქებში კი - „ლოქდაუნი“ მხოლოდ კვირას იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 9 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 11 იანვრის შემდეგ, როდესაც თურქეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების 8 424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თურქეთის მედიკოსთა ასოციაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ იმის პირობებს, რომ ქვეყანა ცხოვრების ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდეს.


„ვირუსის მუტირებული ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო იზრდება. ვერ ვხედავთ იმის პირობებს, რომ ქვეყანა ცხოვრების ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდეს. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ადამიანის სიცოცხლესა და მეცნიერებასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში, რომლის მოსახლეობა 83 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა იანვრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის 8.96 მილიონი დოზაა გამოყენებული, აქედან 7 მილიონზე მეტს ვაქცინის პირველი, 1.89 მილიონს კი - ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული.




ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი