თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ადვოკატ ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ახალაია პენიტენციურ დაწესებულებას სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნადარეიშვილი განმარტავს, ახალაიას სასჯელის ვადა 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს, რაც ადვოკატის თქმით, აბსურდულია.
„ბაჩოს საბოლოოდ, 9-წლიანი სასჯელი განესაზღვრა, რომელიც 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, მაგრამ მოსამართლის საბოლოო განჩინებით, ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ ჩაუთვალეს და როცა ბოლოს მიუსაჯეს, იქიდან დაუწყეს ვადის ათვლა. გამოდის, რომ ის საპატიმროს 2022 წლის მარტში დატოვებს. ყველა იურისტმა, პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ სასჯელის ათვლა ერთი საათიც კი რომ იყო პატიმრობაში, იქიდან იწყება. ასეთი რამ, რაც ახლა ხდება, არც კი მსმენია, სრული აბსურდია. ადამიანს 4 თვე ზედმეტად უწევს სასჯელის მიღმა ყოფნა საპატიმროში. ბაჩო 2012 წლის 6 ნოემბერს დააკავეს, ვადის ათვლა კი, 2013 წლის პირველი მარტიდან დაუწყეს. ამნეზია არ გვაქვს და ყველას კარგად ახსოვს, რომ ბაჩოს ერთი დღეც არ დაუტოვებია საპატიმრო, პირველი დღიდან დღემდე ზის, თუმცა, ერთ-ერთი წაყენებული ბრალიდან უთვლიან ვადას, რომელზეც განაჩენი დადგა. გახსოვთ ალბათ, ყოველთვე ახალ-ახალ ბრალს უყენებდნენ და ერთ-ერთი ბრალიდან აუთვალეს 9 წელი. აღნიშული სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში ისე, რომ არც კი განიხილა. ერთადერთი საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ მანანა კობახიძეებთან საჩივრის დაწერა არ ღირს. სხვა არაფერი გვრჩება სამართლებრივად, რისი გაკეთებაც შეიძლება“, - აცხადებს ნადარეიშვილი.
მისივე განმარტებით, ბაჩო ახალაიას არც კი ჰქონია ოდესმე იმის მოლოდინი, რომ მას გაათავისუფლებდნენ. ნადარეიშვილის თქმითვე, ბაჩო ახალაიას არასდროს მიუმართავს შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის და მას არც ე.წ. უდო შეხებია.
„პირველივე დღიდან ბაჩოს მიმართ იმდენი დარღვევა იყო და ისე უსამართლოდ იქცეოდნენ მის მიმართ, ახლა რაც ხდება, ესეც იმ ყველაფრის გაგრძელებაა. ერთ დღეს, რომ გაიღვიძოს ბიძინა ივანიშვილმა და ბაჩოს სასამართლოს გარეშე კიდევ რაღაც მიუმატოს, არც ეს გამიკვირდება. ბაჩო სულ ამბობდა, ნუ გაქვს ილუზია, რომ ეს ხელისუფლება გამომიშვებს, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, მე ვიქნები ციხეშიო, სულ ამას ამბობდა. მისი ეს პროგნოზი სამწუხაროდ, გამართლდა“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.