ზაალ უდუმაშვილი - ახლა არ არის არც წითელი ხაზების გასმის დრო და არც წერტილის დასმის დრო - ახლა დიალოგის და შეთანხმების დროა

03 Mar 2021 18:05

მინდა შევახსენო ყველას, რომ ახლა არ არის არც წითელი ხაზების გასმის დრო და არც წერტილის დასმის დრო. ახლა არის დრო დიალოგის და შეთანხმების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ორი კვირის შემდეგ ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.


„ყოველდღიურად სრულიად განსხვავებულ პრემიერ-მინისტრს ვხედავთ ჩვენ - ერთ დღეს არის მკაცრი, მეორე დღეს რბილი. ეს არ ვიცი, რაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება იმ ექვს პუნქტს, რომელიც ადგილზე იქნა განხილული, რამდენადაც ვიცი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ რომელიმე საკითხი განხილული არ იქნებოდა შეხვედრების დროს, თუმცა მეორე დღეს ჩვენ ვიხილეთ სულ სხვა განცხადება, რომელიც სავარაუდოდ, გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ იმიტომ, რომ სხვა ვარაუდი არ არსებობს ამ შემთხვევაში.


მინდა შევახსენო ყველას, რომ ახლა არ არის არც წითელი ხაზების გასმის დრო და არც წერტილის დასმის დრო. ახლა არის დრო დიალოგის და შეთანხმების იმიტომ, რომ ორ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უწევს საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელში, რომელზეც საუბარი იქნება არამხოლოდ ამ კონკრეტულ შედეგებზე, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს მომავალ პერსპექტივაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს შეხვედრა თუ ცუდად დამთავრდა საქართველოსთვის, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ევროპული და ზოგადად, დასავლური კურსისთვის. ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებული ამ ორი კვირის განმავლობაში. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება მოეგება გონს და ბრიუსელში ჩავა კონკრეტული შედეგებით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.


უდუმაშვილის თქმით, დიალოგის დასაწყებად მთავარი წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.


„ჩვენ თუ მოვახერხეთ შეთანხმება იმ პუნქტებზე, რომელიც ჩამოწერა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება თავის ადგილზე, მაგრამ ვიდრე არსებობს რიტორიკა, რომ „ვადამდელი არჩევნები არ განიხილება“, „მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო“, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მთავარი წინაპირობა, რომ დიალოგი დაიწყოს, არის ის, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. როგორც წაიყვანეს მელია შტუმით ამ შენობიდან, კეთილი ინებონ და ისევ უკან დააბრუნონ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი