ეკატერინე დგებუაძე - ჩვენი მიზანია სკოლებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნება

04 Mar 2021 12:58

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აგრძელებს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს პირადად გაეცნო.


მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად სკოლები მოინახულეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ფარცვანიამ.


როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, მიმდინარეობს.


ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა-სწავლება ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება.


„სწორედ ამ მიზნით სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს სკოლების მონიტორინგის პროცესს, ასევე, გრძელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.


ეკატერინე დგებუაძის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, ხელს უწყობენ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაში. ამასთან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილების მოწესრიგება.


სკოლების მონიტორინგს, როგორც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები, ასევე, სამინისტროს სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, პანდემიის პირობებში საგანგებოდ შემუშავებული ფორმის საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ“,-აცხადებენ უწყებაში.




კომენტარები:

ფართი შოპი