ვახტანგ გომელაური: „112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება“

05 Mar 2021 17:27

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა  საზოგადოებრივი

უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა და გაეროს ქალთა

ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე

გაამახვილა ყურადღება.

„112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის

ფარგლებშიც დაიწყო  ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. პროექტი

ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური

მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიძინა და

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და

შესაბამისი ინფრასტრუქტურა“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ

2021 წელს სამინისტროს ევროკავშირმა  250 ელექტრონული სამაჯური გადასცა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პანდემიის პირობებში  2020 წელს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის წინაშე არსებულ

გამოწვევებზე ისაუბრა.

„2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების

რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა

რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე

მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა  ერთიანი სამთავრობო

ცხელი ხაზი - „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი

ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით 3 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო.

პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და

განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“. - განაცხადა ვახტანგ

გომელაურმა.





კომენტარები:

ფართი შოპი