რიმა ბერაძე მინისტრს გომელაურს

05 Mar 2021 18:33

ბატონო ვახტანგ,

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან პოლიციელების მიმართ გამოხატული ის დამოკიდებულება, რომელსაც აქტივისტებისა თუ საჯარო განცხადებების საშუალებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად, გამოხატავენ.


ჩვენ მეტად უნდა ვაფასებდეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სახელმწიფოსა და მის უწყებებს. ეს ადამიანები არიან ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი და მადლობა ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას!


რაც შეეხება ჩემს შეკითხვას ...


ბატონო ვახტანგ, კარგად იცით, რომ ჩვენს წინაშე დიდ გამოწვევად დგას ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის საკითხი, განსაკუთრებით -  მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენის ფაქტები.


ვიცით, რომ ეს მეტად რთული და კომპლექსური საკითხია და საჭიროებს მუშაობის მრავალმხრივ გააქტიურებას. (ამის აუცილებლობა ქობულეთში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა).


პრობლემაა არა მხოლოდ, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა, არამედ ადრეული ქორწინებები განსაკუთრებით პატარა ასაკში ან ასეთივე ასაკის გოგონებთან სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელების ფაქტები. სულ რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს ვგულისხმობ, როცა 13 წლის გოგონამ შვილი გააჩინა.


მართალია ყველა ასეთ ფაქტებზე თქვენი მხრიდან სათანადო რეაგირება გვაქვს, მაგრამ ნათელია, რომ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ამ ტიპის დანაშაულებების სტატისტიკა.


ბატონო ვახტანგ, როგორია თქვენი მიდგომა ამ საკითხების მიმართ? რას აკეთებს კონკრეტულად თქვენი უწყება ამ დანაშაულებებზე პასუხისგებისა და პრევენციის მიმართულებით და როგორ ფიქრობთ, რა ტიპის კომპლექსური სამუშაოები უნდა გავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად, იმისათვის რომ დავიცვათ არასრულწლოვნები ამგვარი დანაშაულებებისგან?


აქვე მინდა იგივე ხასიათის შეკითხვა დაგისვათ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე...


საინტერესოა თქვენი ხედვა ამ მიმართულებისადმი და თქვენ მიერ განხორციელებული სამუშაოების ეფექტიანობის შეფასება...





კომენტარები:

ფართი შოპი