რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“, - ამ დასათაურებით, ხათუნა ჟორდანია ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის მიერ დაწერილ ესეს აქვეყნებს:
„მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ისტორიის გმირს დავეძებდი. თუმცა, ბოლოს გავაანალიზე, რომ ეს გმირი დიდი ხანია ჩემთან იყო. 2 წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში მას შემდეგ, რაც არდადეგები დაიწყო, ჩემი გონება მოიცვა სურვილმა – მემოგზაურა და კარგი დრო გამეტარებინა. როგორც კი ბარგის ჩალაგება დავიწყეთ, დედაჩემი ცუდად გახდა, ის გამუდმებით ახველებდა.
დედაჩემი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო მათ შორის ვისაც ვიცნობდი. ის არასდროს ავადმყოფობდა და არც ექიმებში დადიოდა. მას ისინი არ უყვარდა. ამ შემთხვევასაც ყურადღება არ მიაქცია და „დროებით“ ავადმყოფობად ჩათვალა.
შემდეგ დღეს კვლავ განაგრძო ხველება. პირველად ჩვენ ბათუმში ჩავედით, შემდეგ ახალციხეში, ბაკურიანში, მერე ისევ ბათუმში დავბრუნდით. მას ხველება უარესდებოდა. ხველებისგან ღამეც კი ეღვიძებოდა.
დიდხნიანი საუბრის შემდეგ, ჩემმა დამ ის დაარწმუნა ექიმთან წასულიყო. შედეგები საშინელი იყო. მახსოვს როგორ ვიდექი და ვხედავდი როგორ ეცვლებოდა დედას სახის გამომეტყველება.
მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. ვტიროდი და იმას ვფიქრობდი როგორ არ ვიყავი მზად მისი დაკარგვისთვის.
მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ის მუდმივად მირეკავდა და მიყვებოდა ყველა იმ სიგიჟის შესახებ, რასაც ის და ჩემი და აკეთებდნენ.
მახსოვს როგორ ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა თავისი ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მირეკავდა, მეხუმრებოდა და მიყვებოდა როგორ ცდილობდნენ ექიმები მის უცხოპლანეტელად გარდაქმნას.
ხათუნა, ჩემი მბრწყინავი ვარსკვლავია, რომელსაც არ აქვს უფლება მოღრუბლული იყოს. იღბლიანი ვარ, რომ მისი შვილი ვარ. ის ყველაზე ბნელ დროსაც კი არ კარგავს შინაგან სინათლეს.
თუ ოდესმე მოგეცემათ შესაძლებლობა იმისა, რომ თუნა გაიცნოთ, ჩათვალეთ რომ იღბლიანი ხართ. და ბოლოს, ყველა გმირი მოსაცმელს არ ატარებს. ზოგჯერ ნამდვილი გმირები ლაინერსა და წითელ პომადას ატარებენ“,- წერს ანასტასია თავის ესეში.
რეზონანსი.