ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს

09 Mar 2021 13:35


ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი წუხელ გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს. როგორც მარტვილის საავადმყოფის მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ განაცხადა, მას წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და სპეციალიზებულ კლინიკაში საჭიროებს მკურნალობას.


მისივე თქმით, მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა მათ კლინიკაში გუშინ 2 პაციენტი შეიყვანა.ექიმის განმარტებით, ერთს ჰქონდა წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, მეორე პაციენტს - წვივის მოტეხილობა. " ამ პაციენტმა თვითონ განაცხადა მომსახურებაზე უარი და გაეწერა", - განაცხადა ლევანი ქობალიამ.


ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.


მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.





კომენტარები:

ფართი შოპი